ახალი ამბები

ველით EU-ს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილებას — ზურაბიშვილი სანდუს ესაუბრა

27 მაისი, 2022 • 607
ველით EU-ს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილებას — ზურაბიშვილი სანდუს ესაუბრა

საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე ავრცელებს.

„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო. უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, — წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 10 მარტს ვერსალში გამართულ შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი. საბჭომ ევროკომისიას დაავალა, წარმოედგინა თავისი მოსაზრება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განაცხადებთან დაკავშირებით. უპრეცედენტოდ დაჩქარებული ტემპით წარიმართა ევროკომისიის მიერ აპლიკანტი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის (Questionnaire) წარდგენა და მათი შევსება. კითხვარზე მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს, მოგვიანებით კი ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყევტილება ივნისის სამიტზე გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი