ახალი ამბებისამართალი

ქალთა მოძრაობა კანონში ფემიციდის განმარტებას ითხოვს – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

27 მაისი, 2022 • 5259
ქალთა მოძრაობა კანონში ფემიციდის განმარტებას ითხოვს – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

„ქალთა მოძრაობა“ ითხოვს, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე განიმარტოს „ფემიციდის“ ცნება. ფემიციდი ისეთ მკვლელობას აღწერს, რომლის მსხვერპლიც ქალია და „რომელიც ხდება ქალის გენდერთან დაკავირებული მიზეზით,“.

ამის შესახებ დღეს უფლებდამცველებმა და აქტივისტებმა დღეს 27 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

საუბარია კანონზე, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, რომლის მე-4 ნაწილი ისეთ ტერმინთა განმარტებას გულისხმობს, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა და სხვა. სწორედ, აქვე ითხოვენ ფემიციდის განმარტების დამატებასაც.

რატომ არის მნიშვნელოვანი „ფემიციდის“ განმარტება?

„ქალთა მოძრაობის“ წევრებმა და მიმოიხილეს დღეს არსებული გამოწვევები, მათ შორის, ხაზი გაუსვეს, რომ არ არსებობს არანაირი სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც საქართველოს მოქალაქე ქალებს ოჯახში ძალადობისგან საზღვარგარეთ დაიცავდა.

ამის მაგალითად, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელს, ბაია პატარაიას როზეტა ყალიჩავას ამბავს ასახელებს. ქალი, რომელიც პოლონეთში სამუშაოდ იყო შვილებთან ერთად, ქმარმა მოკლა. მანამდე, ქალი დაუკავშირდა როგორც პოლონეთის პოლიციას, ასევე „საფარის“ იურისტს.

პატარაია იხსენებს, რომ „საფარმა“ მიმართა როგორც საქართველოს პოლიციას, ასევე შსს-სა და პოლონეთში საქართველოს სპეციალურ ატაშეს. თუმცა, ქალი, რომელიც ქმრისგან დახმარებას ითხოვდა, საბოლოოდ მაინც მოკლეს.

„მე რაც მაკლია სახელმწიფოს მხრიდან, არის ის, რომ ძალიან შერბილებულია რიტორიკა ზოგადად, ქალთა ძალადობასთან დაკავშირებით. ხშირად გამოიყენება გირაო, ასევე აღარ გვესმის ჩვენ მაღალი ტრიბუნებიდან სისხლის სამართლის მკაცრს პოლიტიკაზე საუბარი,“ – ამბობს პატარაია და ამატებს, რომ დღეს სახელმწიფოს არ აქვს ძალადობის პრევენციის არანაირი მექანიზმი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან დღეს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა – ახალი ცვლილებით უკვე ითვალისწინებს, მათ შორის სამუდამო პატიმრობასაც, მნიშვნელოვანია, რომ სიტყვა ფემიციდი კანონმდებლობაში გაჩნდეს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის კანონში, სადაც საუბარია ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე, აისახოს ფემიციდი და ჩაიდოს განმარტება, რომ ეს არის ქალის მკვლელობა იმისთვის, ის ქალია და იმისთვის, რომ მკვლელს არ მოსწონს, თუ როგორი ქალია. ამას აქვს პოლიტიკური დატვირთვა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რით განსხვავდება ეს მკვლელობა სხვა მკვლელობებისაგან და ამას ერქვას თავისი განსაკუთრებული სახელი. ეს არ არის ჩვეულებრივი მკვლელობა ჩვეულებრივი მოტივით ჩადენილი. ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ და დღეს როდესაც ქალები ცდილობენ ემანსიპაციას და ცდილობენ, რომ თავიანთი დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიპოვონ და თვითონ გადაწყვიტონ ვისთან იცხოვრონ, ვისთან იყვნენ და ა.შ. სწორედ ამის საპასუხოდ არის გაზრდილი მკვლელობები. ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ის მენტალიტეტია, რომელიც არ აღიარებს ქალის ამ უფლებასა და თავისუფლებას,“

პატარაია ფემიციდზე საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ მასთან ბრძოლაში თავისი როლი მედიამაც უნდა ითამაშოს და არ გააშუქოს მკვლელობის დეტალები, რადგან ამგვარ დანაშაულს „მიმბაძველობა“ ახასიათებს. პატარაია დასძენს, რომ დეტალების და მკვლელობის გარემოებების ზუსტი აღწერა კი საბოლოოდ ხელს უწყობს გავრცელებას.

ნეტგაზეთთან საუბარში ფემიციდის განმარტების შემოტანის საჭიროებებზე საუბრობს გოგა ხატიაშვილი, უფლებადამცველი და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ თუ გავყვებით იმ ლოგიკას, რომ ფემიციდი არის გენდერულად მოტივირებული მკვლელობა, რომელიც ნაკარნახევია ქალზე უფლებების ქონის სურვილით, მის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით – ამგვარი მოტივით ჩადენილი მკვლელობა თუ მკვლელობის მცდელობა უფრო მკაცრად ისჯება. დამნაშავისთვის უფრო მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული, იმიტომ რომ გენდერის ნიშანი, როგორც განზრახ მკვლელობის მუხლში, ასევე თვითმკვლელობამდე მუხლში არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

ეს არის ერთი მიდგომა, თუმცა, არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სამართალწარმოებისთვის ფემიციდის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ეს არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ რიგ შემთხვევებში სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ასეთ საკითხებზე – ეს იქნებიან პოლიციელები, პროკურორები თუ მოსამართლეები, მათ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ გენდერის ნიშანთან დაკავშირებით,“ – ამბობს ის.

ხატიაშვილი გვიხსნის, რომ ფემიციდის ცნება კიდევ უფრო ნათლად განმარტავდა აღნიშნულ საკითხს და სპეციალისტებს მისცემდა “კონკრეტულ ნიშანს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეხედონ ამ საკითხს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ფემიციდის ცნება გაჩნდეს კანონმდებლობაში,“.

ამასთანავე, ის დასძენს, რომ ამ განმარტების ჩაწერა შესაძლებელია – „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში, რომელსაც ეს სახელი 2017 წელს გადაერქვა, ქალთა უფლებების სტამბულის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ. ამ კანონის  მეოთხე მუხლი ითვალისწინებს ტერმინთა განმარტებებს – მათ შორის, ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ.

„და კანონი განმარტავს რა არის თითოეული მათგანი. ამიტომაც, სწორად აქ უნდა განთავსდეს ფემიციდის ცნებაც, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უკიდურესი ფორმის ძალადობა.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ რაიმე საერთაშორისო განმარტება არ არსებობს ერთიანი განმარტება ფემიციდის ცნების და ის შემუშავდა საერთაშორისო ინსტრუმენტებზე, ლათინო-ამერიკულ დოკუმენტებზე დაყრდნობით და ჩვენი ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით და შეგვიძლია ამგვარი ფორმულირებაც ჩაიწეროს კანონში, რომ ფემიციდი ეს არის გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა – ანუ, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია გენდერულ ძალადობასთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, მის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით ან გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით და ამავე მოტივებით ჩადენილი ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა. ამგვარი განმარტება შეიძლება ჩაიდოს კანონში,რომ კიდევ უფრო ნათელი და აღქმადი გახდეს, რა დატვირთვა და შინაარსი აქვს ამ დანაშაულს,“.

პარალელურად საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ამკაცრებს მკვლელობის ორ მუხლს. კანონპროექტის თანახმად, რომელსაც უახლოეს დღეებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, განზრახ მკვლელობისთვის (სსკ 108-ე მუხლი) სასჯელი არსებული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, გაიზრდება 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის (სსკ 109-ე მუხლი), ეს მუხლი ერთნაწილიანი გახდება და მძიმე გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით;

მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი რედაქციით 109-ე მუხლისთვის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება მათ შორის – გენდერის ნიშნითა და ოჯახის წევრის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი