ახალი ამბები

ანკარა ხედავს ფინეთის და შვედეთის „პოზიტიურ დამოკიდებულებას“ იარაღის ემბარგოს მოხსნაზე

26 მაისი, 2022 • 1333
ანკარა ხედავს ფინეთის და შვედეთის „პოზიტიურ დამოკიდებულებას“ იარაღის ემბარგოს მოხსნაზე

ანკარამ დაინახა პოზიტიური დამოკიდებულება იარაღის ექსპორტის ემბარგოს მოხსნისადმი ნატოს აპლიკანტი ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებთან მოლაპარაკებების დროს, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა.

„ამ შეხვედრის დროს ჩვენ დავინახეთ პოზიტიური დამოკიდებულება თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტებზე ემბარგოს მოხსნის მიმართ, ეს სასიამოვნო მოვლენაა“, — თქვა მან.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კალინმა ასევე თქვა, რომ შვედეთს და ფინეთს გადაეცა თურქეთის შეშფოთება ტერორიზმის შესახებ და ანკარას მოლოდინები მათ მიერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მოუწოდა შვედეთს გააუქმოს ანკარას იარაღის ემბარგო.

„ჩვენ ვერასოდეს გადავდებთ გვერდით შვედეთის სანქციებს ჩვენს წინააღმდეგ“, — თქვა ერდოღანმა, რომელიც შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღებაზე დაწყებას ბლოკავს. ერდოღანმა ორივე ქვეყანა დაადანაშაულა ქურთების შეიარაღებული ჯგუფის წევრების მფარველობაში.

შვედეთმა თურქეთი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თურქეთთან საკითხს დიალოგის გზით მოაგვარებს. ფინეთმა, ასევე, პირობა დადო, რომ თურქეთთან ჩიხს დიპლომატიური გზით გადაჭრის.

დღეს, სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თქვა, რომ ეს დიალოგი თურქეთთან მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „არ უგზავნის ფულს და იარაღს ტერორისტულ ორგანიზაციებს“.

თურქეთი წლების განმავლობაში აპროტესტებდა აშშ-ისა და სხვა დასავლურ ქვეყნებს და სირიაში ქურთ სამხედროებს შორის პარტნიორობას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის, ნატოში გაწევრიანება არჩიეს.

თუმცა ერთი პრობლემაა – ალიანსის ერთ-ერთი უდიდესი არმიის მქონე ქვეყანა, თურქეთი, რომელიც თავის დროზე ნატოს საბჭოთა საფრთხის გამო შეუერთდა, ახლა თავად ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის კავშირში გაწევრიანებას.

თურქეთის ოფიციალური პირების თანახმად, შვედეთი და ფინეთი იმ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევა, მათ შორის ქურთისტანის (ქურთეთის) მუშათა პარტიასა (PKK) და ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებული ორგანიზაციები თუ ცალკეული პირები.

შვედეთსა და ფინეთში ათასობით ქურთი ცხოვრობს, ასევე ამ ქვეყნებში თავშესაფარი მიიღეს იმ თურქებმა, რომლებსაც სამშობლოში გიულენის მხარდაჭერა ედებოდათ ბრალად.

ქურთისტანის (ქურთეთის) მუშათა პარტია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად უკვე ათწლეულებია მიიჩნევა, რომელიც ქურთი ხალხის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.

ანკარას თანახმად, PKK-სთან დაკავშირებულია სხვა არაერთი ქურთული ორგანიზაციაც, რასაც, ზოგ შემთხვევაში არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ნაწილი, რომელთა თანახმადაც, ხელისუფლება ამ ბრალდებას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განეიტრალების მიზნით იყენებს.

PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად ევროპის არაერთ ქვეყანაშიც აღიარებენ. რაც შეეხება ფეთჰულაჰ გიულენს, რომელიც აშშ-ში მცხოვრები თურქი პოლიტიკური და სულიერი ლიდერია, მის წინააღმდეგ ბრძოლა თურქეთში 2016 წელს, ჩაშლილი გადატრიალების შემდეგ დაიწყო.

16 მაისს თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელმა „TRT haber-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთმა და ფინეთმა თურქეთს 33 პირის ექსტრადიციაზე განუცხადა უარი, რომელთა გადაცემასაც თურქეთი ითხოვდა.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომაც ანკარა არ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, არის მათ მიერ თურქეთისთვის წარსულში დაწესებული სამხედრო ემბარგო.

შვედეთმა და ფინეთმა, სხვა ევროპული, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად, თურქეთს 2019 წელს, სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო, სამხედრო ემბარგო დაუწესეს.

რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი