ახალი ამბები

აშშ-ს საელჩოს დუმილი ადასტურებს, რომ ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებდა – კობახიძე

25 მაისი, 2022 • 564
აშშ-ს საელჩოს დუმილი ადასტურებს, რომ ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებდა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ს საელჩოს „დუმილი“  ნიშნავს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნაზე ოპოციზია სიცრუეს ავრცელებდა.

მისი თქმით, გაირკვა, რომ ოპოზიცია აშშ-ს საელჩოს ტყუილში სდებდა ბრალს და ბუნებრივია, რომ ასეთ რამეს აშშ-ის საელჩო „არ იკადრებდა“.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც დუმილი არის ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანი. საუბარი იმაზე, რომ დისკრიმინაცია არ ჩამიდენია, უხერხულობას შეიცავს. არც ველოდით, რომ აშშ-ის საელჩო ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რომ არ ჩავდივართ დანაშაულს და დისკრიმინაციას. შესაბამისად, ძალაში დარჩა რა, რომ ოპოზიცია აბრალებდა აშშ-ის საელჩოს დისკრიმინაციას და დანაშაული ჩადენას, საბოლოო ჯამში კი გაირკვა, რომ ყველაფერი იყო სიცრუე და ცარიელი პროპაგანდა.

სანქცირებაზე საუბრობს მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია. რა სანქცირება უნდა მოხდეს რომელიმე მოსამართლის? მაგალითად, განაჩენისთვის, რომელიც უკავშირდება 7 მილიონით ტელეკომპანიის ძარცვას. რა სისულელეა, ამაზე სერიოზული საუბარიც არ ღირს. ეს თემა არის დახურული. აშშ-ის დუმილიც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაფერი, რასაც ოპოზიცია ავრცელებდა, არის დემაგოგია და სიცრუე“, – განაცხადა კობახიძემ.


24 მაისს ირაკლი კობახიძემ აშშ-ს საელჩოს თხოვნით მიმართა, რომ „სპეკულაციების დასასრულებლად“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნაზე, მცირე განცხადება გაეკეთებინა.

ლაშა ჩხიკვაძე ის მოსამართლეა, რომელმაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა.

კობახიძის თქმით, “რადიკალური ოპოზიცია: მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, მისი კუთვნილი სახალხო დამცველის და მისივე კუთვნილი NGO-ები“ ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და ამერიკელ დიპლომატებს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებენ ბრალს.

კობახიძის თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლა ენმ-ს ხელწერაა და დარწმუნებულია, რომ ამას აშშ-ს საელჩო „არ იკადრებდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი