ახალი ამბები

ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელების წინაპირობას ასახელებს

24 მაისი, 2022 • 1207
ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელების წინაპირობას ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსული კარების მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლების გარეშე, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები რთული იქნება.

მისი თქმით, უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც რუსეთი თებერვლის შემდეგ დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიებს დააბრუნებს. როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, ამის შესახებ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა:

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტერიტორიები სრულად უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ ამისთვის ფასის გადახდა მოგვიწევს. ჩვენ გვინდა ტერიტორიების დაბრუნება 24 თებერვლის მდგომარეობით. ამის შემდეგ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდაზე“ – აცხადებს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ ამის გარეშე ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების გაგრძელება „რთული იქნება“.

ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნაა, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინას ეკუთვნის, თუმცა ამ ეტაპზე მთავარ ამოცანად იმ რეგიონების გათავისუფლება ესახება, რომელიც რუსეთმა ბოლო 3 თვეში დაიკავა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესწევს ძალა ყველა ეს ტერიტორია რუსული ძალებისგან გაათავისუფლოს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ეგონა უკრაინა რუსულ აგრესიას მხოლოდ 3 დღით გაუძლებდა, ომის დაწყებიდან 3 თვე გავიდა და მთელი მსოფლიო უკრაინის გარშემოა გაერთიანებული. მისი თქმით, არ სჯერა, რომ რუსეთის მცდელობები წარმატებული იქნება სწორედ ამ ერთობიდან გამომდინარე.

გამოცემა წერს, რომ მანამდე ზელენსკი პუტინს პირისპირ შეხვედრისკენ მოუწოდებდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა და ისინი შეჩერებულია. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ თუ საჭირო იქნება, მოლაპარაკებები ზელენსკისა და პუტინს შორისაც გაიმართება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი