ახალი ამბები

„მასკვას“ ეკიპაჟის ოჯახებს სთხოვენ დაადასტურონ, რომ მათი შვილები „კატასტროფამ“ იმსხვერპლა

24 მაისი, 2022 • 1123
„მასკვას“ ეკიპაჟის ოჯახებს სთხოვენ დაადასტურონ, რომ მათი შვილები „კატასტროფამ“ იმსხვერპლა

კრეისერ „მასკვაზე“ დაღუპული ახალწვეულების დედებს სთხოვენ განაცხადონ, რომ მათი შვილები „კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ“. ამის შესახებ ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ „ნოვაია გაზეტას“ ევროპულ გამოცემას ორი ქალი ესაუბრა, რომელთა შვილები კრეისერის ჩაძირვის შემდეგ რუსეთში უგზოუკვლოდ დაკარგულად ცნეს და შესთავაზეს ნებაყოფლობით განეცხადებინათ, რომ მათი ვაჟები „კატასტროფის“ შედეგად დაიღუპნენ.

ერთ-ერთი დედა გამოცემასთან საუბრობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია რა შეემთხვა მის შვილს და მას სამხედრო ჰოსპიტლებშიც ეძებდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი კომისარიატიდან წერილი მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისი შვილი „კატასტროფის შედეგად“ უგზოუკვლოდ დაიკარგა. აღნიშნულ წინადადებას კი მოსდევდა ქალის ნაცვლად დაწერილი განცხადება, სადაც ის ადასტურებს, რომ ბიჭის ცხედარი „ვერ იპოვეს კატასტროფის გამო“.

ქალი ამბობს, რომ აღნიშნულ განცხადებაზე ხელის მოწერას არ აპირებდა, თუმცა დაურეკეს და უთხრეს რომ სამმა ოჯახმა მსგავს განცხადებას ხელი უკვე მოაწერა და ისიც უნდა მისულიყო, რათა დოკუმენტები სასამართლოსთვის გადაეგზავნათ:

„არც უკითხავთ მზად ვიყავი თუ არა ამისთვის. ნებაყოფლობით ვაღიარე შვილი მკვდრად… მკვდრადაც არა…“ – ამბობს ქალი გამოცემასთან.

„მასკვას“ ჩაძირვა

უკრაინული მხარის ცნობით, 13 აპრილს „მასკვას“, – რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო, – უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ რაკეტები მოარტყეს, რის გამოც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, საბოლოოდ კი, რამდენიმე დღეში, შტორმისა და წარუმატებელი საევაკუაციო სამუშაოების ფონზე, ჩაიძირა.

ხომალდზე თავდაპირველად ცეცხლის გაჩენის, შემდეგ კი ჩაძირვის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემაც გაავრცელა, თუმცა უკრაინული თავდასხმა არ უხსენებია და ხომალდის ჩაძირვა შტორმსა და ხომალდზე „იარაღის აფეთქებას“ დაუკავშირა.

18 აპრილს ტვიტერის გვერდზე მომხმარებელმა OSINTtechnical-მა, რომელიც სამხედრო ჟურნალისტია, გამოაქვეყნდა ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, „მასკვას“ დაზიანებას ასახავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ გემის დაზიანების შემდეგ ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა და ისინი სხვა გემებზე გადასხეს.

უკრაინული Forbes-ის ცნობით, „მასკვას“ ღირებულება დაახლოებით 750 მილიონი დოლარია და ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული ერთეული სამხედრო ტექნიკაა, რომელიც უკრაინულმა მხარემ ომში გაანეიტრალა.

ექსპერტების შეფასებით, რუსული სარაკეტო კრეისერის, „მასკვას“ დაზიანებას როგორც სიმბოლური, ისე სამხედრო ღირებულება აქვს.

2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც უკრაინის ზმეინის კუნძულს სწორედ ხომალდი „მასკვა“ მიადგა და დანებება მოსთხოვა, ზმეინის მცველებმა მას უპასუხეს: „რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი“ [Русский военный корабль, иди на хуй]. ამის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძული დაბომბეს და ყველა, ცამეტივე მათგანი დახოცეს.

ეს ფრაზა კადრების გავრცელების წამიდანვე იქცა ცნობილ მიმად, – უკრაინის წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ, – რომელსაც რუსეთის სამხედრო აგრესიის მოწინააღმდეგეები იყენებენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 200-მდე ბავშვი. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ამ დრომდე ბრძოლები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი