ახალი ამბები

მოსამართლეთა კლანში განგაშია და ხელისუფლებას დაცვას სთხოვენ — დეკანოიძე

24 მაისი, 2022 • 1538
მოსამართლეთა კლანში განგაშია და ხელისუფლებას დაცვას სთხოვენ — დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძის მოსაზრებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნის გამო მოსამართლეთა ე.წ. კლანი შეშფოთებულია და ხელისუფლებას დაცვას სთხოვს.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია დადასტურებულია და ამას მოწმობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც. მმართველი პარტიის ლიდერმა დღეს, 24 მაისს, აშშ-ს საელჩოს თხოვნით მიმართა, „სპეკულაციების დასასრულებლად მცირე განცხადება გააკეთოს“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნაზე.

ლაშა ჩხიკვაძე ის მოსამართლეა, რომელმაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას 16 მაისს „რუსთავის 2-ის“ საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა.

„ბატონი კობახიძის გამოსვლა ძალიან მენიშნა. როგორც ჩანს, საქართველოში მოსამართლეების კლანი ნერვიულობს და ეს ბატონმა კობახიძემ დაადასტურა, რომელიც გამოვიდა და მთელი თავისი გამოსვლა მიუძღვნა იმას, როგორ დაიცვა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმართული უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლე.

იმიტომ, რომ ფაქტია, როცა მოსამართლეს აშშ-ს ისეთი პროგრამიდან ამოაგდებ, რომელიც პროფესიონალიზმს ზრდის და ადამიანის უფლებებს უსვამს ხაზს, ეს გარკვეულწილად ნერვიულობის საფუძველი არის. ამიტომ მე მენიშნა ბატონი კობახიძის განცხადება და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოსამართლეებში, კლანში არის სერიოზული განგაში და ახლა ხელისუფლებას სთხოვენ იმას, რომ ხელისუფლებამ ეს მოსამართლეები დაიცვას, ვინაიდან მათ უკანონო გადაწყვეტილებები მიაღებინეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, “რადიკალური ოპოზიცია: მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, მისი კუთვნილი სახალხო დამცველის და მისივე კუთვნილი NGO-ები“ ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და ამერიკელ დიპლომატებს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებენ ბრალს.

მისი თქმით, ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც „ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს“.


ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ცნობილი გახდა ნეტგაზეთისთვისაც.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო:

„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ აშშ-ის საელჩოს“.

აშშ-ის საელჩოში კი აცხადებენ, რომ ზოგადად, პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარი ან ახსნა არასდროს კეთდება.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილების გამო. გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი