ახალი ამბები

2021 წელს ყველაზე დახურული უწყება კულტურის სამინისტრო იყო – IDFI

23 მაისი, 2022 • 823
2021 წელს ყველაზე დახურული უწყება კულტურის სამინისტრო იყო – IDFI

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” [IDFI] ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ყველაზე დახურული უწყება კულტურის სამინისტრო იყო.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების გამოვლენისას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე მიღებული პასუხების სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, ითვალისწინებს მთელ რიგ კომპლექსურ ფაქტორებს.

მათ შორის, საჯარო დაწესებულების საქმიანობის მნიშვნელობას, ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ხარისხს და სხვა.

ორგანიზაცია დასძენს, რომ კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია წულუკიანის დანიშვნის შემდეგ არ მიუღია.

სქრინშოტი IDFI-ს ანგარიშიდან.

„2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ IDFI-ის მიერ გაგზავნილი 42-ვე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. შედეგად, სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა 0% შეადგინა და უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების რაოდენობის გათვალისწინებით საჯარო დაწესებულებათა რეიტინგის ბოლო ადგილს იკავებს,“ – წერია ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, გამოთხოვილ ინფორმაციაში, ორგანიზაცია შეეცადა გაერკვია მათ შორის, ისეთი საკითხების შესახებ, თუ რატომ არ აქვს სამინისტროს ჯერ ვებსაიტი. ამასთანავე, 2021 წელს კულტურისა და სპორტის სამინიტრომ უპასუხოდ დატოვა სპორტული ფედერაციების მიერ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გაწეული სხვადასხვა ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნები.

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრამ 2021 წელს დაინიშნა, მანამდე ის იკავებდა იუსტიციის მინისტრის თანამდებობას. 2020 წელს IDFI-მ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, ყველაზე დახურულ დაწესებულებად მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეაფასა.

იგივე შეფასება მისცა IDFI-მ იუსტიციის სამინსიტროს 2019  და 2018 წლებში.


საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის ფარგლებში IDFI-მ 285 უწყებას ინფორმაციის მიღებაზე 8 446 მოთხოვნა გაუგზავნა. მათგან  პასუხი მიიღო 6, 961 დაწესებულებიდან. უწყებების დაახლოებით ნახევარმა ( 4,545)  პასუხი 10-დღიანი ვადის გამოაგზავნა.

2021  წელს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს  გარდა, კიდევ 14 დაწესებულება (მათ შორის 14 ადგილობრივი თვითმმართველობის მერია და საკრებულო) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც  IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა.

„ისეთი, საჯარო დაწესებულებები როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი და სხვა  წლების განმავლობაში (მათ შორის კრიზისული მდგომარეობის დროს) ინარჩუნებდნენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და  ჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას,“ – ამბობს ორგანიზაცია.

სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (84% სრულყოფილი), IDFI-ს თქმით, დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობასა და სამინისტროებს, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას.

სრულად ეს კვლევა წაიკითხეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი