ახალი ამბები

იური შევჩუკს არმიის დისკრედიტაციას ედავებიან

20 მაისი, 2022 • 930
იური შევჩუკს არმიის დისკრედიტაციას ედავებიან

რუსული როკ-ჯგუფის, DDT სოლისტის, იური შევჩუკის საქმე განსახილველად სანქტ-პეტერბურგის სასამართლოს გადაეცა. სააგენტო “ინტერფაქსის” თანახმად, მას რუსეთის არმიის დისკრედიტაციას ედავებიან.

საქმე ეხება შევჩუკის მიერ კონცერტზე გახმიანებულ კრიტიკულ რეპლიკას:

“მეგობრებო, სამშობლო პრეზიდენტის ტრაკი არაა, რომელიც გამუდმებით უნდა ლოკო და კოცნო. სამშობლო ღატაკი ბებიაა, რომელიც სადგურზე კარტოფილს ყიდის”, — მიმართა პოპულარული ჯგუფის სოლისტმა მსმენელს რუსეთის ქალაქ უფაში, რასაც აუდიტორია ტაშით შეხვდა.

“ინტერფაქსის” მიხედვით, მას ბრალი ედება საჯარო განცხადების გაკეთება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას.

სააგენტო სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე სანქტ-პეტერბურგის სასამართლოს გადაეგზავნა, რასაც თავად შევჩუკის წერილობითი მოთხოვნა დაედო საფუძვლად.

მუხლი, რომლითაც მუსიკოსს ედავებიან, რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიტანეს.

მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირისთვის სასჯელის ზომა ჯარიმაა 30 000-დან 50 000-მდე რუბლის ოდენობით.

The Moscow Times წერს რომ, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 2 000-ზე მეტი ასეთი საქმე აღიძრა. უფრო მძიმე მუხლით, რომელიც არმიაზე “ყალბი ამბების” გავრცელებას გულისხმობს და 15 წლამდე პატიმრობით ისჯება, სულ მცირე 133 საქმე აღძრული.

კონცერტი, რომელზეც იური შევჩუკმა ხსენებული განცხადება გააკეთა, 18 მაისს გაიმართა. როგორც მისი პროდიუსერი რადმირ უსაიევი წერს, კონცერტის დასრულებიდან მალევე, მუსიკოსთან პოლიცია მივიდა, ჯგუფის სხვა წევრებისგან იზოლაციაში მოაქცია და 1 საათის მანძილზე ესაუბრებოდა ხსენებულ კონცერტსა და მის მიერ გახმიანებულ განცხადებებზე.

მისივე გადმოცემით, თავდაპირველად პოლიციას სურდა, დაეკავებინა მუსიკოსი, თუმცა, საბოლოოდ, მუსიკოსს ოქმი შეუდგინეს და სთხოვეს, მასზე ხელი მოეწერა.

RFE/RL-ის თანახმად, აპრილში გაუქმდა ჯგუფ DDT-ს კონცერტი, რომელიც ციმბირის ქალაქ ტიუმენში უნდა ჩატარებულიყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იური შევჩუკმა უარი განაცხადა, ემღერა სცენაზე, რომელზეც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის სიმბოლო, ლათინური “Z” იყო განთავსებული.

ფოტო: Kirill Zykov / Moskva News Agency

მასალების გადაბეჭდვის წესი