ახალი ამბები

“რამაზ ჯინჭარაძის სახელობისაა” – დაუშვილი მაჟორიტარის უფლებამოსილების წესის ცვლილებაზე

20 მაისი, 2022 • 10227
“რამაზ ჯინჭარაძის სახელობისაა” – დაუშვილი მაჟორიტარის უფლებამოსილების წესის ცვლილებაზე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი  დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ინიციატივას, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობის წესის ცვლილებას ითვალისწინებს, რამაზ ჯინჭარაძის სახელობის კანონპროექტი უნდა ერქვას. ამის შესახებ მან დღეს, 20 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე აღნიშნული კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატია, რომლის უფლებამოსილება ბათუმის საკრებულომ დღემდე ვერ ცნო, რადგან საკრებულოს სხდომებს ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ და მათ გარეშე საჭირო კვორუმი ვერ გროვდება.

„რეალურად რამაზ ჯინჭარაძის სახელობის კანონპროექტია და სჯობდა პირდაპირ ასე დაგერქმიათ. მე მაინტერესებს ამ კანონპროექტის მიღებით ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული მდგომარეობა როგორ შეიცვლება? რა პოლიტიკური ინტერესი გააჩნია ამ კანონპროექტს და ეს კანონპროექტი ვისი პოლიტიკური ინტერესების მოგვარებას ემსახურება?

თქვენ თუ მეტყვით, რომ ეს ემსახურება ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობოლემების მოგვარებას, მაშინ სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემები არ არის პრობლემები და ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემები პრობლემებია?“ – განაცხადა დაუშვილმა.

დაუშვილის თქმით, ინიცირებული ცვლილებები დეცენტრალიზაციაში უხეშად ჩარევაა.

პარლამენტი საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებებს განიხილავს, რომელიც ახლებურად არეგულირებს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების საკითხს.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩეული წევრი საკრებულოს მიერ უფლებამოსილების ცნობის გარეშე შეძლებს სადეპუტატო საქმიანობის დაწყებას, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს. ცვლილებების პროექტი მხოლოდ შუალედური არჩევნების შედეგებით არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობის პროცედურას ეხება.

ცვლილების მიღების შემთხვევაში,  „ქართული ოცნება“ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს. თუმცა, პრობლემური ვითარება რჩება სენაკის საკრებულოშიც, რომელიც „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ იკრიბება. 2021 წლის 3 დეკემბერს პირველივე სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის” პროპორციული სიით არჩეულმა ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა და შედეგად მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჯამური წარმომადგენლობა გათანაბრდა – თითოეულს 16-16 წევრი ჰყავს, სხდომის გასამართად კი 17 წევრის დასწრებაა საჭირო. სწორედ ამ მომენტიდან „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ ხერხდება საკრებულოში ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა.

სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებებს „ქართულ ოცნების“ ინტერესებზე მორგებულად აფასებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი