ახალი ამბები

TI: „ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობის წესს საკუთარ ინტერესებს არგებს

18 მაისი, 2022 • 631
TI: „ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობის წესს საკუთარ ინტერესებს არგებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიიჩნევს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ 10 მაისს ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ახლებურად არეგულირებს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების საკითხს, მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებზეა მორგებული.

ცვლილებები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩეული წევრი საკრებულოს მიერ უფლებამოსილების ცნობის გარეშე შეძლებს სადეპუტატო საქმიანობის დაწყებას, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს. ცვლილებების პროექტი მხოლოდ შუალედური არჩევნების შედეგებით არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობის პროცედურას ეხება.

“ქართული ოცნება”, როგორც ჩანს, ცდილობს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უმრავლესობა მოიპოვოს ბათუმის საკრებულოში, სენაკის საკრებულოში არსებული ჩიხური ვითარება კი შეინარჩუნოს და ხელახალი არჩევნების მიღწევით იქაც მყარი უმრავლესობა მიიღოს. საჭიროა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავდეს დებულებებს, რომლებმაც არსებული ხარვეზები უნდა გამოასწოროს“, – აცხადებს TI.

მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ამ ინიციატივით თავის სასარგებლოდ დაძლიოს ბათუმის საკრებულოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი.

ბათუმის საკრებულომ დღემდე ვერ ცნო საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული მაჟორიტარი წევრის, „ქართული ოცნების” წარმომადგენლის, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება, რადგანაც საკრებულოს სხდომებს ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ და მათ გარეშე საჭირო კვორუმი ვერ გროვდება.

კანონის არსებული რედაქციით, ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს 18 წევრის თანხმობაა საჭირო, “ქართულ ოცნებას” კი საკრებულოში ამდენი წევრი არ ჰყავს. წარმოდგენილი ინიციატივის მიღების შემდეგ რამაზ ჯინჭარაძე გახდება საკრებულოს წევრი და, შესაბამისად, მმართველი პარტია შექმნის უმრავლესობას.

პრობლემური ვითარებაა სენაკის საკრებულოშიც, რომელიც „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ იკრიბება. 2021 წლის 3 დეკემბერს პირველივე სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის” პროპორციული სიით არჩეულმა ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა და შედეგად მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჯამური წარმომადგენლობა გათანაბრდა – თითოეულს 16-16 წევრი ჰყავს, სხდომის გასამართად კი 17 წევრის დასწრებაა საჭირო. სწორედ ამ მომენტიდან „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ ხერხდება საკრებულოში ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა.

„ამ კრიზისის დაძლევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა იმის მტკიცებით სცადეს, რომ 3 დეკემბრის სხდომა დახურულად არ გამოცხადებულა და ამდენად, მის შემდგომ გაგრძელებაზე კვორუმის საჭიროება არ იყო; მათ 9 თებერვალს ხმის დამთვლელი კომისია შექმნეს, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცნეს, 23 თებერვალს კი საკრებულოს თავმჯდომარედ „საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ირაკლი კაჭარავა აირჩიეს. ეს გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ სარჩელის შედეგად სენაკის სასამართლომ დროებით შეაჩერა, თუმცა საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. სენაკის საკრებულოში შექმნილი ჩიხური სიტუაცია გარკვეულწილად კანონმდებლობის გაუმართაობის გამო წარმოიშვა, თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტი მის გამოსწორებას არ ითვალისწინებს“, – აცხადებს TI.

მათი თქმით, თუკი 2022 წლის 3 ივნისამდე სენაკის საკრებულო ვერ შეიკრიბება, ეს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი გახდება, რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებშია.

როგორც TI აცხადებს, აუცილებელია კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება, რათა საკრებულოში პროპორციული წესით არჩეული წევრის ან/და მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საკრებულოს გადაწყვეტილებაზე აღარ იყოს დამოკიდებული. ამგვარი ერთიანი მიდგომის შედეგად, სენაკში ხელახალი არჩევნების გამართვა აღარ იქნება საჭირო“

TI მოვუწოდებს, საქართველოს პარლამენტს, არ მოარგოს საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებს ბათუმის საკრებულოში და აქცენტი გააკეთოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაკომპლექტების ერთიანი სტანდარტის შემუშავებასა და დამკვიდრებაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოზიციით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობას არცერთ შემთხვევაში არ უნდა სჭირდებოდეს საკრებულოს თანხმობა, იმის მიუხედავად იგი საყოველთაო არჩევნებშია გამარჯვებული, შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში თუ პროპორციული წესით არჩეული წევრის ადგილმონაცვლეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი