ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანტირუსული სანქციების გამო სოხუმის აეროპორტი შესაძლოა ვეღარ ამუშავდეს

19 მაისი, 2022 • 2970
ანტირუსული სანქციების გამო სოხუმის აეროპორტი შესაძლოა ვეღარ ამუშავდეს

“სოხუმის აეროპორტის ამუშავებაზე აუცილებლად იქონიებს გავლენას როსავიაციის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების მიერ მიღებული სანქციები”,- ამის შესახებ აფხაზეთში ავიაციის კომპანიის დირექტორმა ვიაჩესლავ ეშბამ განაცხადა. 

“აეროპორტი ერთდროულად ორმაგი სანქციების ქვეშ ყვება. ერთი მხრივ, გრძელდება საქართველოს მოთხოვნით ICAO-ის მიერ ფრენების შესრულებაზე აკრძალვა, მეორე მხრივ კი, რუსეთის მიმართ ბოლო დროს დაწესებული სანქციები თავად სოხუმის აეროპორტის მუშაობაზე აისახება, გაზრდის ფრენის დროს, ასევე შეიქმნება თვითმფრინავების ლიზინგის პრობლემა, რადგან საკუთარი ავიაპარკი აფხაზეთს არ გააჩნია”, – აცხადებს ეშბა.

სოხუმის აეროპორტს რეკონსტრუქციის შემდეგ პირველი რეისები უკვე 2024 წლის იანვარში უნდა მიეღო.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ აეროპორტს უკვე ჰყავს პონტენციური ინვესტორი, რომელიც მის ასაშენებლად განახორციელებს 120 მილიონ რუბლის [1 მილიონ 600 ათასი აშშ დოლარი] ინვესტიციას.

სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), რომელიც აფხაზეთს აღიარებს საქართველოს შემადგენელ ნაწილად, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.  შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.

“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთში აეროპორტის აღდგენა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. თუმცა იცვლება დრო, ტურიზმი კი დამატებითი სტიმული ხდება. სოხუმის აეროპორტისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის აეროპორტის კოდი იქნება გამოყენებული”, –აცხადებდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ქართული მხარის საპასუხოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი