ახალი ამბები

პარლამენტი არ ემსახურება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას – „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“

19 მაისი, 2022 • 1026
პარლამენტი არ ემსახურება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას – „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“

დემოკრატიის ინდექსისაქართველოს“ შეფასებით, პარლამენტის საქმიანობა არ ემსახურება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების საქმიანობას შეეხება.

ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის კანონშემოქმედების პროცესში საზოგადოების ჩართულობა, ღიაობა და გამჭირვალობა ძირითადად ფორმალისტურ ხასიათს ატარებს.

მათივე შეფასებით, პარლამენტის საქმიანობა ძირითადად მიმართულია არა ძალაუფლების გაზიარებისა და ოპოზიციის ჩართულობის წახალისებისკენ, არამედ ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მმართველი პარტიის ან/და მის მიერ კონტროლირებადი უწყებების ხელში.

მათი თქმით, პარლამენტში გაბატონებულია ერთპარტიული საკადრო პოლიტიკა და კონსენსუსის დეფიციტი გამოიხატა არა მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას, არამედ თავად ოპოზიციას შორის.

ორგანიზაციის მონიტორონიგნის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ოპოზიციურმა დეპუტატებმა 17 კანონპროექტი დააინიცირეს, მათ შორის, 2 ალტერნატიული კანონპროექტი, თუმცა არცერთი მათგანი პარლამენტს კანონად არ უქცევია.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა დანიშნა 7 თანამდებობის პირი. მიუხედევად იმისა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი 12 პარტია, არც ერთი თანამდებობის პირი არ ყოფილა დანიშნული მრავალპარტიული მხარდაჭერით.

მათივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია პარლამენტმა მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაითვალისწინა და მათ არცერთ საკანონმდებლო წინადადებას კანონის სახე არც მიმდინარე სესიაზე მიუღია.

„პარლამენტი არ გამოიყურება როგორც მაკონტროლებელი ან/და საზედამხედველო ორგანო. შეინიშნება პარლამენტის მოწყვლადობა მთავრობის წინაშე, რაც გამოვლინდა მაკონტროლებელი მექანიზმების არაეფექტიან, ან/და მხოლოდ ფორმალისტურ გამოყენებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობა სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასა და საკანონმდებლო რეგულირების საკითხებში მიმართულია სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის გაძლიერებისკენ“, – ნათქვამია ანგარიში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, პარლამენტი არ იყენებს რიგ საზედამხედველო ინსტრუმენტებს, როგორიცაა: საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნა, კანონქვემდებარე აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება და სხვა.

მათივე შეფასებით, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის საზედამხედველო ინსტრუმენტებიდან ყველაზე აქტიურად თემატური მოკვლევა გამოიყენებოდა.

ანგარიშის თანახმად, პარლამენტის წევრები შედარებით აქტიურად იყენენებენ პარლამენტის წევრის კითხვის მექანიზმს. კერძოდ,  ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 3 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პარლამენტის 33 წევრმა გააგზავნა 1024 წერილობითი კითხვა. მათგან პასუხი გაეცა 836 კითხვას დადგენილ ვადაში. ვადის გადაცილებით პასუხი გაეცა 69 კითხვას. ხოლო 119 კითხვაზე პასუხი ჯერ წარმოდგენილი არ არის.

ანგარიშის თანახმად, წერილობითი კითხვების მექანიზმს უმრავლესობასთან შედარებით, ოპოზიციის წევრები უფრო აქტიურად იეყენებენ. კერძოდ,  ოპოზიციის 33 დეპუტატიდან აღნიშნული ბერკეტით 21-მა ისარგებლა და ჯამში 768 კითხვა გააგზავნა სხვადასხვა უწყებასა თუ თანამდებობის პირთა მისამართით. ოპოზიციიდან ყველაზე მეტი წერილობითი  კითხვა გაგზავნილი აქვს, ლევან იოსელიანს (225), თეონა აქუბარდიასა (138) და რომან გოცირიძეს (123).

რაც შეეხება უმრავლესობას, წერილობითი კითხვა მხოლოდ 12-მა დეპუტატმა გამოიყენა და საერთო ჯამში, უმრავლესობის წევრებმა 256 კითხვა გააგზავნეს, რომელთაგან 215 კითხვა მიხეილ სარჯველაძეს ეკუთვნოდა.

ხოლო პარლამენტის 116 დეპუტატს საანგარიშო პერიოდში პარლამენტის წევრის კითხვის მექანიზმი საერთოდ არ გამოუყენებია.


ანგარიში მოიცავს საშემოდგომო და რიგგარეშე სესიაზე დაკვირვების შედეგებს. საანგარიშო პერიოდის საწყისად შერჩეული იქნა წინა საგაზაფხულო სესიის საანგარიშო პერიოდის დასრულების დრო – 2021 წლის 8 აგვისტო. საანგარიშო პერიოდი სრულდება საშემოდგომო სესიის მომდევნო რიგგარეშე სესიის დასრულების დღეს, 2021 წლის 31 დეკემბერს.

საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის 150 წევრიდან 84 საპარლამენტო უმრავლესობას – ფრაქცია „ქართული ოცნებას“, ხოლო 66 – საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენდა. პარლამენტში ამ დროისთვის არსებობდა 3 ოპოზიციური ფრაქცია და 3 საპარლამენტო ჯგუფი. მიმდინარე სესიებისას პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქცია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“. გარდა ამისა, საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდა ზოგიერთი დეპუტატიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი