ახალი ამბები

ექსპორტი იზრდება, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი და რუსეთი არიან – საქსტატი

19 მაისი, 2022 • 2416
ექსპორტი იზრდება, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი და რუსეთი არიან – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 587.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, ადგილობრივი ექსპორტი (ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 76.1%-ს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.1 პროცენტით გაიზარდა და 1 207.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2017-2022 წლებში:

წყარო: საქსტატი

წყარო: საქსტატი

2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა.

ამ მხრივ, საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

  1. ჩინეთი (277.2 მლნ. აშშ დოლარი),
  2. რუსეთი (138.3 მლნ. აშშ დოლარი),
  3. ბულგარეთი (128.8 მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი

ამავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 363.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.1 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 195.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 16.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 128.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.6 პროცენტი.

წყარო: საქსტატი

საქსტატის განმარტებით, ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი