ახალი ამბები

ბორელის თქმით, ღარიბაშვილთან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები განიხილა

19 მაისი, 2022 • 983
ბორელის თქმით, ღარიბაშვილთან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები განიხილა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ კარგია, რომ საქართველო გაეროში რუსეთის წინააღმდეგ აძლევს ხმას, თუმცა ასევე საჭიროა სანქციების იმგვარად შეფასება, რომ მათ ეფექტურობას საფრთხე არ შეექმნას:

„უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას გაეროში კენჭისყრაზე, რამდენადაც ვიცით, რა რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ ასევე უნდა გთხოვოთ სანქციების იმგვარი შეფასება, რომ მათ ეფექტურობას საფრთხე არ შეექმნას“ – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ბარელის თქმით, მას არც ისე ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან. ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან თანხვედრაზე და ქვეყნის განაცხადზე ისაუბრეს ევროკავშირის წევრობის შესახებ. მისი თქმით, ასევე ისაუბრეს, თუ როგორ წარმოჩინდება ზოგჯერ ეს სანქციები საქართველოში პოლიტიკური დებატების დროს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე ასევე აღნიშნა რეფორმების აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით მართლმსაჯულების კომპონენტში:

„ახლა რეფორმების დაჩქარების დროა, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური პოლარიზაცია, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით. ეს ის საკითხია, რომელსაც ევროკომისია შეაფასებს საქართველოს განაცხადის განხილვისას. შესაბამისად, ახლა კარგი დროა რეფორმების დასაჩქარებლად. ევროკავშირი პოლიტიკური სისტემაა, რომელიც კანონის უზენაესობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას ეფუძნება, რომელსაც სრული ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან და ამას მოვითხოვთ ყველა კანდიდატი ქვეყნისგან“ – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქმიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს.

მასალების გადაბეჭდვის წესი