ახალი ამბები

„რეფორმების გატარების პირობა უნდა შესრულდეს“ — სახდეპის მრჩეველი საქართველოში შეხვედრებს მართავს

19 მაისი, 2022 • 549
„რეფორმების გატარების პირობა უნდა შესრულდეს“ — სახდეპის მრჩეველი საქართველოში შეხვედრებს მართავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში შეხვედრებს მართავს.

ვიზიტის ფარგლებში შოლე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ის, ასევე, შეხვდება მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მისწრაფების მხარდაჭერა დემოკრატიული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავალისკენ.

საქართველოში ვიზიტის პარალელურად დერეკ შოლემ გამოაქვეყნა ოპედი საქართველოს შესახებ, სადაც აღნიშნავს, რომ 1992 წლიდან აშშ-მა თითქმის 6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს.

სახდეპის მრჩეველი გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინის მიმართ.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობები. რადგან პუტინი აგრძელებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ შრომას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და კრემლის დასასჯელად მისი სისხლისმღვრელი ქმედებების გამო. ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მკაფიო მხარდაჭერას მეზობელი უკრაინის მიმართ და ასევე, ჰუმანიტარულ დახმარებას. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ“, — წერს შოლე.

შოლეს თქმის, მას იმედს აძლევს საქართველოს მთავრობის პირობა, რომ გაატარებს მნიშვნელოვან საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, მათ შორის, რაც აღინიშნა 2021 წლის დეკემბერში დემოკრატიის სამიტზე.

„ეს უნდა შესრულდეს, თუ საქართველოს სურს თავისი სრული პოტენციალის მიღწევა“, — ამბობს შოლე.

მას სჯერა, რომ საქართველო იქნება უფრო მედეგი რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თუ განახორციელებს რეფორმებს, რომელიც საჭიროა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გასაძლიერებლად და ამას გააკეთებს ინკლუზიურად.

ევროპული ტურის ფარგლებში დერეკ შოლე ასევე იმყოფებოდა მოლდოვაში, ხოლო 20 მაისს გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი