რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, რეგიონული მედიის ასოცაიციასა და რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელითან ერთად, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის თაობაზე ჩვენს მიერ აღქმულია როგორც უკიდურესად საშიში პრეცენდენტი, რამაც შეიძლება საქართველოში შეუძლებელი გახადოს კერძო მედიაოგრანიზაციების თავისუფალი საქმიანობა.
მივიჩნევთ, რომ მენეჯერული გადაწყვეტილების გამო, მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლით გასამართლება დაუშვეებლია!
გადაწყვეტილება ატარებს მედიაზე ზეწოლის ნიშნებს და განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიაგარემოზე, ისე ზოგადად ქვეყნის ბედზე, მის ევროპულ მომავალზე, გაზრდის დაპირისპირების ფონს და პოლარიზაციას, რაც ,,დამოკლეს მახვილვით“ ჰკიდია, როგორც ქართული მედიის, ისე საქართველოს საზოგადოების თავზე.
მივმართავთ საქართველოში მედიაგარემოზე და ქვეყნის ბედზე მზრუნველ ყველა ინსტიტუტს, გააკეთონ ყველაფერი მდგომარეობის გამოსასწორებლად“, – წერია ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
წარსულში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”(TI) და სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოში, სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფორმატში, ორი მოსაზრება წარადგინეს.
საქმის მასალების შესწავლის შემდეგ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავდა, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.
სახალხო დამცველიც აცხადებდა, რომ კანონმდებლობებისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.