ახალი ამბები

არასამთავრობოები და “მოსმენების საქმის” ფიგურანტები პროკურატურისგან ეფექტიან გამოძიებას ითხოვენ

18 მაისი, 2022 • 804
არასამთავრობოები და “მოსმენების საქმის” ფიგურანტები პროკურატურისგან ეფექტიან გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურისგან მოითხოვენ, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქალაქეების შესაძლო მიყურადების ფაქტები და მიმდინარე გამოძიების შესახებ ცნობები მიაწოდოს საქმის ფიგურანტებსა და საზოგადოებას. ამასთან, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა და მისგან გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მიღებაა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და შესაძლო მიყურადების ადრესატებმა დღეს, 18 მაისს პრესკონფერენცია გამართეს.

საქმე ეხება გასულ წელს მედიით გავრცელებული ჩანაწერების “კრებსებს”, რომლის ფიგურანტებიც არიან ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სხვები. მათმა ნაწილმა “კრებსებში” ასახული დიალოგების ნამდვილობა დაადასტურა. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს.

“პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც, ძირითადად, გულისხმობს სხვადასხვა შესაძლებლობით ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობას ნებისმიერი მესამე პირისაგან. ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პრივატული სფეროს, პირადი სივრცის ხელშეუხებლობისათვის. უკანონო ფარული მიყურადება/თვალთვალი არის, არამხოლოდ, შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტების დარღვევა, არამედ იგი მნიშვნელოვნად ლახავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ფარული მიყურადება არის ჩარევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უფლებაში…

კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს, როგორც ნეგატიურ, ასევე, პოზიტიურ ვალდებულებებს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, უპირველესად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების წარმართვას გულისხმობს. ამასთან, გავრცელებული მონაცემები ცხადყოფს, რომ დანაშაული, თავისი მასშტაბის, ინტენსივობისა და ხასიათის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ჩადენილია სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელთა მიერ.

შესაბამისად, კიდევ უფრო იზრდება სახელმწიფოს ვალდებულება, საქმეზე ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება. განსაკუთრებით იმ საჩივრებზე, რომლებიც მასობრივ ფარულ მიყურადებას/თვალთვალს ეხება, ჯეროვანი გამოძიების ჩატარება, დამატებით, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და საგამოძიებო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას ემსახურება. გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი მსხვერპლთა ინდივიდუალურ შემთხვევებს იმ მასშტაბით, რაც მოთხოვნილია უფლების დაცვის ევროპულ სისტემაში”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები და სავარაუდო მოსმენების ადრესატები ითხოვენ, რომ პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს მათ, რის შემდეგაც საქმის მასალებთან გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ. მათი განმარტებით, სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების/თვალთვალის ადრესტებმა და მათმა ინტერესების დამცველებმა არაერთხელ მიმართეს პროკურატურას აღნიშნული მოთხოვნით, თუმცა განცხადებებს ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან, მათი განცხადებით, დაზარალებულად ცნობაზე სხვადასხვა მიზეზით სასამართლოც უარს აცხადებს.

“რიგ შემთხევებში, ფარული მოსმენა-მიყურადების მსხვერპლები, მიმართვის მიუხედავად, პროკურატურას საერთოდ არ გამოუკითხავს და მათ მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, უცნობია. ასევე, უცნობია ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა გამოკითხვის, შესაბამისი ექსპერტიზებისა და სხვა, დამნაშავეთა გამოვლენისა და დასჯისთვის საჭირო, მოქმედებების ჩატარების თაობაზე. ეს ინფორმაცია არ აქვთ არც მსხვერპლებს და არც საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არსებობს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი”, – განმარტებულია განცხადებაში.

დოკუმენტის ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პროკურატურის მხრიდან მიმდინარე გამოძიების პროცესში დაზარალებულების არასათანადო ჩართულობა, ინფორმაციული ვაკუუმი, გარკვეულ შემთხვევებში მსხვერპლთა გამოკითხვის უგულებელყოფა და სხვა გარემოებები მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არ ამოძრავებს სუს-ის სავარაუდო სისტემური დანაშაულის გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი დასჯის ინტერესი.

“გამოძიება არ არის ეფექტიანი, რაც კიდევ უფრო მეტად არღვევს უკანონო მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა პირადი ცხოვრების, სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციითა და კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ხოლო მსხვერპლებს არ უტოვებს შესაძლებლობას, მათი უფლებები ეროვნულ დონეზე ქმედითი სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან”, – განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ:

  • გამიკითხოს ყველა პირი, ვინც შესაძლო დანაშაულის ფარგლებში უფლების დარღვევის საჩივრით/განცხადებით მიმართა;
  • დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს ყველა მსხვერპლს, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაციის ფარგლებში ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა;
  • ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, გამოკითხოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელი, ვისაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს სავარაუდო სისტემურ დანაშაულთან;
  • მსხვერპლებს/დაზარალებულებს და საზოგადოებას მიაწოდოს სანდო და სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაომბუდსმენი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი