ახალი ამბები

კალაძე: მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები 5 000 ლარამდე გაიზრდება

18 მაისი, 2022 • 1053
კალაძე: მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები 5 000 ლარამდე გაიზრდება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმის 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაზრდა იგეგმება. მისი განცხადებით, ამ საკითხზე მერიას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტს წარედგინება.

აღნიშნული ცვლილების შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს, 18 მაისს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება და დარწმუნებული ვარ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას.

შემოთავაზებული ცვლილებით გამკაცრდება კანონმდებლობა პირველ რიგში უკანონო ჭრებისთვის – ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორებით აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის 1 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვერ დგინდება მოჭრილი ხის სახეობა, ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული იყო მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმა, წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული თანხა გაიზრდება და თითოეული ნარგავისთვის ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. ასევე გასამმაგდება ზიანის გამოთვლისთვის დადგენილი კოეფიციენტები”, – განმარტა კალაძემ.

მისი თქმით, ადგილებში, სადაც მწვანე ნარგავი უკანონოდ მოჭრეს, შენობის განთავსება აიკრძალება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება.

“ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევები, რომ ადამიანებს აქვთ სურვილი კონკრეტულ ტერიტორიაზე განახორციელონ სამშენებლო სამუშაოები, ხდება იმ ნარგავების მოჭრა, რომელიც ხელს უშლის შენობა-ნაგებობის განთავსებას, წინასწარ ჭრიან, აფუჭებენ ამ ხე-მცენარეს და შემდეგ მოდიან მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. რა თქმა უნდა, არც ერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა და არ მიეცემა მშენებლობის უფლება, სადაც წინასწარ იქნება დაზიანებული ან მოჭრილი ხე-მცენარეები”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება ექსპერტებისთვისაც. კერძოდ, ექსპერტი, რომელიც არასწორ დასკვნას წარადგენს დაჯარიმდება, განმეორებით არასწორი დასკვნის შემთხვევაში კი საქმიანობის უფლება შეუჩერდება და “ვეღარასდროს გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი