ახალი ამბები

გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდში, საქართველოში თუ სხვაგან — ნედ პრაისი

18 მაისი, 2022 • 819
გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდში, საქართველოში თუ სხვაგან — ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს დამოუკიდებელი მედიის უკან მტკიცედ დგომას, იქნება ეს საქართველოში თუ სადმე სხვაგან მსოფლიოს მასშტაბით.

ამის შესახებ პრაისმა საქართველოში მედიის მდგომარეობისა და „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ საკმაოდ მკაფიო და გულწრფელი ვიყავით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის იმ საყრდენების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ, რომლებიც გვსურს განმტკიცებული იყოს საქართველოში და მთელ მსოფლიოში.

ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მოიცავს კანონის უზენაესობას. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობაზე მთელ მსოფლიოში.

მდივანმა ბლინკენმა ორი კვირის წინ ისაუბრა ამის შესახებ საგარეო პრესის ცენტრში ვაშინგტონში, სადაც მან შეაქო თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ღირსება და აუცილებლობა და აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ჟურნალისტი იყო რეპრესირებული. მათი სამუშაოს ძალიან დიდი ნაწილი ჩაახშეს და ძალიან ბევრი ტრაგიკულად დაიჭრა ან თუნდაც დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მედიის მოვალეობა სხვა არაფერია, თუ არა სიმართლის მოხსენება, სიმართლის გავრცელება მთელ მსოფლიოში, კალმის და შესაძლოა კლავიატურის გამოყენებით“, — განაცხადა ნედ პრაისმა.

საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს რეფორმების წახალისებას საქართველოში.

„ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მივიჩნევთ და როგორც სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების პოზიციაა, წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, წაახალისოს საქართველო გაუმჯობესების მიმართულებით, გადადგა ზოგიერთი ნაბიჯი, რომლებზეც აქ ვისაუბრეთ (მედიის და ლგბტი თემის უფლებების უზრუნველყოფა).

რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში არ ხდება. მათი რეალიზება შეუძლებელია ერთი წლის განმავლობაში, თუნდაც ერთი ათწლეულის განმავლობაში. ამას მძიმე შრომა და მოთმინება სჭირდება. რეალიზებას მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ პარტნიორობა საქართველოსთან, გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა ამ გზაზე და გააკეთონ ეს რესურსებით, ხელმძღვანელობით, ხშირ შემთხვევაში პირდაპირი მხარდაჭერით. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“, — დასძინა ნედ პრაისმა.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ ამ საქმემ თავიდანვე წარმოშვა კითხვები.

„დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი