ახალი ამბები

ლგბტქი სათემო ორგანიზაციები საჩვიდმეტმაისო განცხადებას ავრცელებენ

17 მაისი, 2022 • 1202
ლგბტქი სათემო ორგანიზაციები საჩვიდმეტმაისო განცხადებას ავრცელებენ

ლგბტქი აქტივისტების და სათემო ორგანიზაციები 17 მაისთან – ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით  ერთობლივ განცხადებას  ავრცელებენ.

მათი თქმით, ისინი ამ დღეს ქუჩაში გამოსვლით, წლების განმავლობაში ცდილობდნენ საჯარო სივრცეში დაეყენებინათ ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრის საკითხი, ემხილებინათ ამ ჩაგვრის მაწარმოებელი სისტემა, და მის წინააღმდეგ სამოქალაქო სოლიდარობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობა ეჩვნებინათ.

თუმცა, მათი თქმით, ბოლო დეკადის მანძილზე  ეს მცდელობა იქცა მძლავრი პოლიტიკური მანიპულირების, ინსტრუმენტალიზების, ფუნდამენტური სოციო-ეკონომიკური საჭიროებების გადაფარვის და საზოგადოებრივი დაპირისპირების იარაღად, „ყველა ანტი-პროგრესული და ანტი-სოციალური პოლიტიკის მწარმოებელი და მხარდამჭერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუციისა და ჯგუფის მიერ“.

როგორც ისინის ამბობენ, ასეთი ჯგუფებად ყოველდღიურობაში ევლინებიან „თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული, რეალურად კი საერთო ნეოლიბერალური იდეოლოგიისა და ეკონომიკური ინტერესების სადარაჯოზე მდგომი პოლიტიკური პარტიები, ორგანიზებული ულტრა-მემარჯვენე ფაშისტური ჯგუფები, საპატრიარქო, და ის სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც პოპულისტურ დღის წესრიგში მონაწილეობით ლეგიტიმაციას ანიჭებენ ამ წესრიგის მწარმოებელ ძალაუფლებრივ ჯგუფებს“.

„ორივე, “ჰომოფობი უმრავლესობის” და “ლგბტ უმცირესობის” სახელით მოსაუბრე ეს ჯგუფები, მუდმივად ცდილობენ ლგბტქი ადამიანები წარმოგვაჩინოს განყენებულ, ექსკლუზიური ძალაუფლებისთვის მებრძოლ კონკრეტული იდეოლოგიისა და პოლიტიკური ინტერესების გამტარ ერთგვაროვან ჯგუფად. ეს კი აღარც იმის სივრცეს გვიტოვებს, რომ ლგბტქი ადამიანების რეალურ გამოწვევებზე ვისაუბროთ და, მეორე მხრივ, ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს ხელს გვიშლის დავინახოთ ერთმანეთი, როგორც მოკავშირეები საერთო ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მეორე მხრივ, მემარცხენე პოზიციებზე მდგომი ჯგუფები, რომლებიც ლგბტქი ადამიანების პირველი მხარდამჭერები და თანამებრძოლები უნდა ყოფილიყვნენ, გამოგვრიცხავენ წინააღმდეგობის დღის წესრიგიდან და გენდერისა და სექსუალობის ნიშნით ჩაგვრის მნიშვნელობას აკნინებენ ან საერთოდ არ აღიარებენ. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამგვარად, ერთი შეხედვით პროგრესული პოლიტიკის მხარდამჭერი ჯგუფები, საკუთარ განმათავისუფლებელ და სამართლიანობაზე ორიენტირებულ მიზნებთან მოდიან წინააღმდეგობაში, რითაც არსებული პატრიარქალური, ნაციონალისტური და ნეოლიბერალური ძალაუფლების სტატუს კვოს აძლიერებენ“, – აცხადებენ ლგბტქი აქტივისტები და სათემო ორგანიზაციები.

მათი თქმით, პანდემიის თითქმის სამწლიანი გამოცდილების და ახლა რუსეთის იმპერიალისტური და ფაშისტური ომის პირობებში, ცხოვრება უწევთ იმგვარ სახელმწიფო სისტემაში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლებისა და ეკონომიკური რესურსების განმგებთათვის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა არ წარმოადგენს პრიორიტეტს, ხოლო ლგბტქი ადამიანებისთვის ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავედ აყენებს თვით გადარჩენის და საბაზისო უსაფრთხოების საკითხს.

„რადგან გარდა სხვა სისტემური სოციალური და ეკონომიკური წნეხისა (რომელიც შეიძლება მოგვემართებოდეს, როგორც შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებს, მომსახურების სფეროში დასაქმებულებს და ა.შ.), გაბატონებული კულტურული დისკურსი გენდერისა და სექსუალობის ნიშნით კიდევ უფრო გვიზღუდავს წვდომას ისეთ სიკეთეებზე, როგორიცაა ინსტიტუციური მხარდაჭერა როგორც ოჯახებისა და ახლობლებისაგან, ისე სახელმწიფოსგან“, – აცხადებენ ისინი.

ლგბტქი აქტივისტების და სათემო ორგანიზაციების თქმით,  სოციო-ეკონომიკური და კულტურული ჩაგვრები  ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და უფლება ღირსეულ სამუშაოზე, ღირსეულ ჯანდაცვაზე, საცხოვრისზე, განათლებაზე, უსაფრთხოებაზე და საჯარო სივრცეზე, ის უფლებებია, რომელთა მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებით ნებისმიერი ნიშნით ჩაგრული ჯგუფების გათავისუფლება წარმოუდგენიათ.

„მხოლოდ იმის გაცნობიერებით და სახელდებით, თუ როგორ, რატომ, ვის და რის მიერ გვაქვს ეს უფლებები წართმეული, შევძლებთ, დავინახოთ ჩვენი საერთო თუ განსხვავებული წუხილების საერთო საფუძველი, და გავაღვივოთ რეალური საზოგადოებრივი სოლიდარობა“, – აცხადებენ ისინი.

განცხადებას უერთდებიან:

  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • თანასწორობის მოძრაობა
  • იდენტობა  იუს
  • თემიდა

უფრო ვრცლად ლგბტქი აქტივისტების და სათემო ორგანიზაციების განცხადებას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი