ახალი ამბები

„აზოვსტალს“ ტოვებს მინიმუმ 7 ავტობუსი, რომელშიც უკრაინელი სამხედროები არიან- Reuters

17 მაისი, 2022 • 2464
„აზოვსტალს“ ტოვებს მინიმუმ 7 ავტობუსი, რომელშიც უკრაინელი სამხედროები არიან- Reuters

Reuters-ის ცნობით,  „აზოვსტალს“ კიდევ მინიმუმ შვიდი ავტობუსი ტოვებს, რომელშიც უკრაინელი სამხედროები არიან.

სააგენტოს ინფორმაციით, ავტობუსებმა „აზოვსტალის“ ქარხანა რუსული ძალების თანხლებით დატოვეს.

ინფორმაციას  Reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ  ავტობუსებში მჯდომ ზოგიერთ უკრაინელ სამხედროს დაზიანების ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

უკრაინის მთავრობას ჯერ არ განუცხადებია, სად აპირებენ მარიუპოლის მცველების წაყვანას, რომლებიც დაჭრილები არ არიან.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლის დამცველებს ბრძანება ჰქონდათ, რომ თავიანთი სიცოცხლე შეენარჩუბნებინათ.

დღეს, 17 მაისის დილას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზოვსტალიდან” ამ დროისთვის 264 ადამიანი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაყვანილი და შემდგომში მათი გაცვლა მოხდება.

გენშტაბის ცნობით, 211 მებრძოლი ჰუმანიტარული დერეფნით ქარხნის ტერიტორიიდან ოლენივკაში გადაიყვანეს, საიდანაც შემდეგ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე დააბრუნებენ “გაცვლის პროცედურებით”. ოლენივკა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა.

ასევე, ამავე ინფორმაციის თანახმად, აზოვსტალიდან ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილიც.

ფოტო:REUTERS/Alexander Ermochenko

მასალების გადაბეჭდვის წესი