ახალი ამბები

პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა, ეს მთავრობის ნაცნობი ხელწერაა – კრამერი გვარამიაზე

17 მაისი, 2022 • 897
პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა, ეს მთავრობის ნაცნობი ხელწერაა – კრამერი გვარამიაზე

დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი ნიკა გვარამიას დაკავებას „აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კრამერი ამბობს, რომ მას ეჭი არ ეპარება, გვარამიას დაპატიმრება უკავშირდება მის საქმიანობას, როგორც მედია მენეჯერისას, პოლიტიკური აქტივისტისას და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისას.

„ვფიქრობ, მისმა [აფილაციამ] „რუსთავი 2-თან“, მისმა პოლიტიკურმა პოზიციებმა და მისმა კრიტიკამ მთავრობისადმი ის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოაქცია. ისინი [საქართველოს მთავრობა] ბოროტად იყენებენ სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას იმით, რომ მოსამართლეს გამოატანინეს პოლტიკურად მოტივირებული ვერდიქტი ოპოზიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს უკვე მოქმედი მთავრობის ხელწერაა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს პრემიერ-მინისტრად ბატონი ღარიბაშვილი დაბრუნდა“, – ამბობს კრამერი [თარგმანი – „ამერიკის ხმა“].

მისივე თქმით, გვარამიას დაკავება საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ახდენს გავლენას:

„ეს [დაკავება] არც პირველი შემთხვევაა და ვშიშობ, არც ბოლო იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს მომხდარს და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებაზე დასავლური, ევრო ორიენტაციისა და ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა, მისი უკეთესობისკენ შემოტრიალება კი წარმოუდგენელია“, – განაცხადა კრამერმა.


გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი