ახალი ამბები

კობახიძემ გააკრიტიკა საელჩოები გვარამიას დაკავებაზე რეაგირების გამო

17 მაისი, 2022 • 993
კობახიძემ გააკრიტიკა საელჩოები გვარამიას დაკავებაზე რეაგირების გამო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის“ დაფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავების გამო გამოთქმული კრიტიკული შეფასებებით, საელჩოებიც „მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობაში“ მონაწილეობენ.

ამის შესახებ მან დღეს, 17 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, სწორედ იმიტომ გამართა, რომ „პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების „ბულინგს“ მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია, სათანადო პასუხი უნდა გაეცეს“.

ჟურნალისტის კითვხაზე თვლის თუ არა, რომ ამერიკაც და ევროპაც ენმ-ს სატელიტები არიან, კობახიძე პასუხობს:

„ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა 2017 წელსაც და სამწუხაროდ, მათ შორის საელჩოების განცხადებებმაც, მისცა გვარამიას საშუალება დამატებით რამდენიმე მილიონით გაეძარცვა რუსთავი 2. დღესაც სახეზე გვაქვს იგივე. რა დგას ამის უკან მე არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი“, – ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტის განმეორებით კითხვაზე, ეჭვობს თუ არა, რომ ამის უკან „ნაციონალები დგანან“, კობახიძე პასუხობს, რომ არავის სჯერა ენმ-ს ამის რესურსი აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ რა ინტერესი ჰქონდა აშშ-ს ელჩს, როდესაც მწვავე განცხადება გააკეთა, კობახიძე ამბობს, რომ შესაძლოა, ის არასწორად ინფორმირებული იყოს.

„ეს არის ძალიან მძიმე, როდესაც ამ კამპანიაში, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, სამწუხაროდ, ჩართულია ეს განცხადებაც. მე არ ვიცი. შეიძლება ამის უკან იდგეს ის, რომ არასწორად არის ინფორმირებული. დავიტოვოთ ამის იმედი. ფაქტი არის ერთი, რომ 2017 წელს იმ კამპანიაში ჩართულები იყვნენ უცხოელი ლობისტებიც. მათ შორის საელჩოების განცხადებებმაც 2017-19 წელს გვარამიას საშუალება მისცა განეგრძო რუსთავი 2-ის ძარცვა.

სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ იგივეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით და არ ვიტყვით, მაგრამ არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტატაცია. შეფასებაში ჩვენ არ შევალთ. მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როცა გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით რუსთავი 2-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად, გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების, ტელეკომპანიის წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, ის ამბობს თუ არა, რომ საელჩოები გვარამიას კრიმინალის ჩადენაში ხელს უწყობდნენ, კობახიძე პასუხობს:

„მე ვამბობ ერთ რამეს, რომ კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება, ეს რა თქმა უნდა, არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა“, – განაცხადა კობახიძემ.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმის მიმართ კითხვები თავიდანვე არსებობდა. მისი თქმით, განაჩენის სამართლიანობაში დასარწმუნებლად, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მსგავს საქმეებში არ ხდება პოლიტიკური ჩარევა და ბრალდება არ არის შერჩევითი.

ამასთან, აშშ-ს საელჩოს შეფასებით, შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი