ახალი ამბები

„ამ საქმემ თავიდანვე წარმოშვა კითხვები“ – დეგნანი გვარამიას განაჩენზე

16 მაისი, 2022 • 1007
„ამ საქმემ თავიდანვე წარმოშვა კითხვები“ – დეგნანი გვარამიას განაჩენზე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმის მიმართ კითხვები თავიდანვე არსებობდა. მისი თქმით, განაჩენის სამართლიანობაში დასარწმუნებლად, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მსგავს საქმეებში არ ხდება პოლიტიკური ჩარევა და ბრალდება არ არის შერჩევითი. ამის შესახებ დეგნანმა დღეს, 16 მაისს განაცხადა მას შემდეგ, რაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა.

“მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ საქმის შინაარსზე, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმემ თავიდანვე კითხვები წარმოშვა დროის გარემოების, ბრალდებების და პროცესის კუთხით… აშშ-ის საელჩო ამ საქმეს წლებია ადევნებს თვალს, საქმეს, რომელმაც უამრავი სხვადასხვა ფაზა გაიარა, ჩვენ მის ყველა ფაზას ვაკვირდებოდით. მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ვისაც ჰქონდა კითხვები ამაზე, სახალხო დამცველს და სხვებსაც, ვინც თვალს ადევნებდა ამ საქმეს, ჰქონდათ კითხვები.

როდესაც ხალხს აქვს კითხვები საქმის შედეგებზე, მაშინაც კი, თუ ისინი არ ეთანხმებიან განაჩენს, საჭიროა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს იყო სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. იმისთვის, რომ სასამართლო სისტემის მიმართ არსებობდეს ნდობა, ეს გადამწყვეტია.

როდესაც საქმე ეხება მედიას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ იყოს გამჭვირვალე, ძალიან ცხადი, რომ ეს [პროცესი] ჩატარდა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ორი კონსტიტუციური პრინციპი იქნება რისკის ქვეშ — მედია თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება”, — განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რეფორმებზე მუშაობა გააგრძელოს, რომელიც გააძლიერებს სასამართლოს და აქცევს უფრო დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. დეგნანის განცხადებით, სასამართლო სისტემის რეფორმები გადამწყვეტია ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი