ახალი ამბები

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას – გია დვალი

16 მაისი, 2022 • 2265
სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას – გია დვალი

ფიზიკოსი გია დვალი “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ გვარამიას დაპატიმრება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის “კრიტიკულ მომენტში გამიზნული დარტყმაა”. გია დვალის ეს განცხადება მისმა ძმამ, დავით დვალმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა.

“სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას და “მთავარ არხს”. ასევე, არანორმალური წნეხის ქვეშ მყოფ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს “ფორმულას” “TV პირველს”, “კავკასიას” და დანარაჩენებს. ასევე, საქართველოში შეფარებულ რუსულ დევნილ არხებს, როგორიცაა “დოჟდი”.

გვარამიას საქმე ორგანულად ეწერება მთავრობის საქმეში, დაგვაშოროს ევროპას და დასავლეთს და მიგვაჯვაჭვოს პუტინის რუსეთს. ეს ქმედება ასევე წარმოადგენს გამიზნულ დარყმას კრიტიკულ მომენტში, როცა ევროკავშირი ჩვენს საკითხს იხილავს, რათა მაქსიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს”, – ნათქვამია გია დვალის განცხადებაში.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამიასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

ნახეთ ვრცლად: რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი