ახალი ამბები

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “მთავარმა არხმა” მაუწყებლობა არ შეწყვიტოს – მელია ოპოზიციის გეგმებზე

16 მაისი, 2022 • 1164
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “მთავარმა არხმა” მაუწყებლობა არ შეწყვიტოს – მელია ოპოზიციის გეგმებზე

ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო შეხვედრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ “მთავარმა არხმა” მაუწყებლობა არ შეწყვიტოს.

ამასთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით აქტიური კოორდინაცია ექნებათ როგორც ერთმანეთთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთანაც, თუმცა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

“თითოეული ჩვენგანი, ვინც დღეს აქ შეხვედრას ესწრებოდა, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, სხვადასხვა შესაძლებლობით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მისი სულის ჩამდგმელი, მთავარი დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია უკანონოდ დააპატიმრეს. რაც შეეხება სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა გეგმას, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შევთანხმდით, რომ იქნება აქტიური კოორდინაცია სხვადასხვა ჯგუფში, როგორც საერთაშორისო მიმართულებით, იქ სადაც მკაფიოდ უნდა გახდეს ცნობილი როგორც პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების პოზიცია, ერთმანეთთან კოორდინაცია მოხდება ამ მიმართულებით”, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქციების ჩატარებასთან დაკავშირებით მათ “მჭიდრო კომუნიკაცია” ექნებათ ერთმანეთთან, თუმცა მოიქცევიან ისე, რომ “ქართული ოცნებისთვის” “ადვილად პროგნოზირებადები” არ იყვნენ.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა “ლელოს” წარმომადგენელმა, საბა ბუაძემაც. მისი თქმით, შეხვედრაზე “წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმაზე” იმსჯელეს და აქვთ “კონკრეტული ვერსიები” საჯარო ღონისძიებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის თქმით კი, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ “თუ ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც ადრე”, “სახარბიელო შედეგი” არ ექნებათ. მისი თქმით, ოპოზიცია გეგმავს “კომპლექსურ ქმედებებს” ისე, რომ “ქართულ ოცნებას” მათი გეგმების განჭვრეტის საშუალება არ ჰქონდეს.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამიასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

ნახეთ ვრცლად: რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი