ახალი ამბები

ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია 18 მაისს გაიმართება – ნინო ჯანგირაშვილი

16 მაისი, 2022 • 1020
ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია 18 მაისს გაიმართება – ნინო ჯანგირაშვილი

ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია ზეგ, 18 მაისს, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიგეგმა. ამის შესახებ ტელეკომპანია “კავკასიის” წარმომადგენელმა, ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება მედიის სოლიდარობის აქცია და ის თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და მსვლელობით გაგრძელდება პარლამენტამდე ან მთავრობის კანცელარიამდე. თუმცა ჯანგირაშვილის განცხადებით, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება.

ამასთან, მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია, გაიმართება თუ არა აქციები შემდეგ დღეებშიც.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამიასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

ნახეთ ვრცლად: რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი