საზოგადოება

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე

16 მაისი, 2022 • 5119
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე

ჩვენთვის, როგორც პოლიტიკურად და ფინანსურად დამოუკიდებელი მედიასაშუალებისა და აქ მომუშავე თითოეული ჟურნალისტისთვის, განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება.

საქართველოში მოქმედი ავტორიტეტული უფლებადაცვითი ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ აღნიშნული საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და არის პოლიტიკურად მოტივირებული.

ჩვენთვის პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის აღნიშნულ საქმეზე ბრალის წარდგენა და შემდგომ სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის მისჯა ცალსახად აღიქმება, როგორც გაფრთხილება და მუქარა თითოეული იმ მედიისა და ჟურნალისტის მიმართ, ვინც არ ემორჩილება ხელისუფლების ცენზურას, კრიტიკულად აშუქებს მის საქმიანობას, იკვლევს კორუფციაში მაღალჩინოსანთა სავარაუდო ჩართვის შემთხვევებსა და სააშკარაოზე გამოაქვს ისეთი ფაქტები, რომლის გაშუქებაც ხელისუფლებას არ სურს.

ჩვენთვის ნიკა გვარამიას დაპატიმრება საგანგაშოა იმ მიზეზითაც, რომ ეს არის საშიში, ლოგიკური გაგრძელება იმ რეპრესიული პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში მის კონტროლს მიღმა არსებული მედიის წინააღმდეგ ახორციელებს.

მედიის მიმართ აღნიშნული რეპრესიულ პოლიტიკას მრავალი ასპექტი აქვს: სახელმწიფო უწყებები სულ უფრო ნაკლებად გასცემენ საჯარო ინფორმაციას, ზღუდავენ ჟურნალისტთა თავისუფალ დასწრებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ღონისძიებაზე. აქედან გამომდინარე, მედიას მნიშვნელოვნად ეშლება ხელი, შეასრულოს თავისი ფუნქცია და მოსახლეობას მიაწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია.

ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება იყო 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელზე თავდასხმა, ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორება. აღნიშნულ ძალადობრივ თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან არ მოჰყოლია ადეკვატური სამართლებრივი რეაქცია და ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.

ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ თავიანთ აგრესიულ დამოკიდებულებას მედიის მიმართ, რაც მათ მიმართ ლოიალურ ადამიანებს ასევე აქეზებს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობისკენ. სწორედ ამ მიზეზით, ბოლო წლებში, განსაკუთრებით არჩევნების მიმდინარეობისას, სულ უფრო ხშირია მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელშეშლის, მათ მიმართ აგრესიის გამოხატვის ფაქტები.

ხელისუფლება, პრაქტიკულად, არ იძიებს ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებს.

სასამართლოს ამ დრომდე არც კი დაუწყია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების, ჟურნალისტების და რედაქტორების საქმის განხილვა, მათ 2019 წელს მიმართეს სასამართლოს, პროკურატურას არ დაუწყია გამოძიება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე იმის მიუხედავად იმისა, რომ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიიჩნევდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა. სასამართლომ მხოლოდ აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საქმე განიხილა, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს, მაგრამ მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, უკანონო და დაუსაბუთებელია.

ნიკა გვარამიას დაპატიმრება დღეს ჩვენთვის ნიშნავს მხოლოდ ერთადერთს: მსგავსი ბრალდებით ხვალ შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი ჩასვან ციხეში და შეეცადონ, გააჩუმონ ნებისმიერი მედია და კონკრეტული ჟურნალისტი, რომელიც უბრალოდ, არ არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გავლენის ქვეშ.

სწორედ ამიტომ, მივმართავთ საერთაშორისო მედიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მედიისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა, რათა საქართველოში შესაძლებელი გახდეს დამოუკიდებელი მედიის მუშაობის გაგრძელება ასევე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი