ახალი ამბები

წილოსანი პრეზიდენტისგან გვარამიას შეწყალებას არ ელის

16 მაისი, 2022 • 972
წილოსანი პრეზიდენტისგან გვარამიას შეწყალებას არ ელის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი არ ფიქრობს, რომ „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას დაკავება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის.

„არაერთი საქმე ვიცით, მათ შორის ევროკავშირის თუ დასავლური ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკასთან ან მედიასთან დაკავშირებული პირები სასჯელს იხდიან. ამიტომ, ერთი მეორეს არ უკავშირდება. როდესაც ეს ყველაფერი დაკარგავს თქვენგან მინიჭებულ განსაკუთრებულ წონას პოლიტიკასთან ბმის თემაზე, კიდევ უფრო ნათლად გახდება ცნობილი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეს არ შეუშლის“, — მიმართა წილოსანმა ჟურნალისტებს.

დეპუტატი ასევე არ ელის პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალებას.

„რიგ შემთხვევაში პრეზიდენტი, შესაძლოა, გარკვეულ მოულოდნელ ნაბიჯებს აკეთებს. ამ შემთხვევაში არ მოველით, რომ მისი გადაწყვეტილება შეიძლება რამენაირად იყოს დამხმარე ადამიანის, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტუციის და პირადად მის წინააღმდეგ ყველაზე დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა“, — დასძინა წილოსანმა.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წარსულში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” (TI) და სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოში, სასამართლოს მეგობრის(Amicus Curiae) ფორმატში, ორი მოსაზრება წარადგინეს.

საქმის მასალების შესწავლის შემდეგ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავდა, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.

სახალხო დამცველიც აცხადებდა, რომ კანონმდებლობებისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი