ახალი ამბები

ხაზარაძე გვარამიას დაკავებაზე: საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშაა

16 მაისი, 2022 • 561
ხაზარაძე გვარამიას დაკავებაზე:  საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშაა

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობის პირდაპირი გზავნილია  და აღნიშნავს, რომ განაჩენი მძიმედ ხელისშემშლელი ფაქტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ბრძოლის გზაზე.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშაა:

„პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელმა და ასევე ბინძურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს. ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას მიმართ არის პირდაპირი გზავნილი თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარების. ხელისუფლებას აქვს აუტანლობა კრიტიკული მედიის მიმართ, ხელისუფლებას აშინებს მედიაპლურალიზმი. ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა. ქვეყანაში არის დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რყევა და ხშირ შემთხვევაში მათი მოშლა.

დღევანდელი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მძიმედ ხელისშემშლელი ფაქტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ბრძოლის გზაზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად მოგვიწოდებენ პოლარიზაციის და პოლიტიკური ესკალაციის დასრულებისაკენ, რომელიც დღევანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში.

ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის და ქართულ ოცნებას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული. ქართული საზოგადოების,პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო ინსტიტუტების ვალდებულებაა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ცნობილია.”მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ვრცლად წაიკითხეთ – რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი