ახალი ამბები

მასკი: ტვიტერის გადაბარების პროცესი დროებით გაიყინა

13 მაისი, 2022 • 1025
მასკი: ტვიტერის გადაბარების პროცესი დროებით გაიყინა

ილონ მასკი აცხადებს, რომ „ტვიტერის“ გადაბარების პროცესი „დროებით მოცდის რეჟიმშია“. როგორც The Guardian წერს, მილიარდერის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა სოციალური ქსელის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათი მომხმარებლების 5% სპამის ან ყალბი ანგარიშებისგან შედგებოდა.

მასკმა, რომელიც „ტვიტერის“ აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვას 44 მილიარდ აშშ დოლარად გეგმავდა, განაცხადა, რომ გარიგება გაყინულია მანამ, სანამ სიცხადე მოეფინება კომპანიის განცხადებებს.

მასკმა საკუთარ განცხადებას  დაურთო „როიტერსის“ სტატიის ბმული, სადაც ყალბი ანგარიშების შესახებ იყო საუბარი და აღნიშნა, რომ თუ შეთანხმება არ შედგება, ის მზადაა, „ტვიტერს“ 1 მილიარდი დოლარის ოდენობის პირგასამტეხლო გადაუხადოს.

„ტვიტერი“ 2006 წელს დაარსდა აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ სან-ფრანცისკოში. 217 მილიონი ყოველდღიური მომხმარებლით ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოცქსელია მსოფლიოში.

ამ ხნის განმავლობაში „ტვიტერს“, პრაქტიკულად, არასდროს აკლდა გაურკვევლობა. საერთაშორისო მედიის არქივი სავსეა როგორც დადასტურებული ცნობებით, ისე მოარული ამბებით სოციალური მედიის ამ პლატფორმის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ.

„ტვიტერი“ მუდმივად იყიდებოდა ნაწილობრივ ტექნიკური მიზეზების გამო. ზოგიერთი კომპანიისგან განსხვავებით, „ტვიტერს“ არ გააჩნია სპეციალური ტიპის აქციები, რომლებიც მის დამფუძნებლებს გაყიდვაზე ვეტოს დადების უფლებამოსილებას აძლევს.

და მაინც, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „ტვიტერი“ კარგა ხნის განმავლობაში ვერ გაიყიდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად განიხილებოდა ის, რომ პლატფორმა უბრალოდ ვერ გამოიმუშავებდა საკმარის ფულს თავისი მომხმარებლებისგან, ეს გარემოება კი კითხვებს აჩენდა ინვესტორთა შორის.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი