ახალი ამბები

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გარდაიცვალა — სახელმწიფო მედია

13 მაისი, 2022 • 1488
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გარდაიცვალა — სახელმწიფო მედია

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნაჰაიანი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM ავრცელებს.

საამიროების საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდება, სამინისტროები და სხვა ოფიციალური უწყებები კი 3 დღით დაიხურება.

გარდა პრეზიდენტობისა, ის აბუ-დაბის საამიროს მმართველიც იყო.

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეიხ მუჰამად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმი შეასრულებს მანამ, სანამ ქვეყნის შვიდივე საამიროს მმართველებისაგან დაკომპლექტებული საბჭო შეიკრიბება და ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნაჰაიანი 1948 წელს დაიბადა, 2004 წელს კი გახდა უმდიდრესი საამიროს, აბუ-დაბის მმაართველი და ქვეყნის ლიდერი.

Reuters-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ აბუ-დაბის მმართველის პოსტს დაიკავებს გარდაცვლილი პრეზიდენტის ნახევარძმა, მემკვიდრე პრინცი, შეიხ მუჰამად ბინ ზაიდ ალ-ნაჰაიანი.

მუჰამად ბინ ზაიდი ქვეყნის დე ფაქტო მმართველი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნაჰაიანმა 2014 წელს ინსულტი მიიღო. ბოლო წლებში ის საზოგადოებაშიც იშვიათად ჩანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი