ახალი ამბები

კეთილი ინებოს, ბოლომდე მოიხადოს სასჯელი საქართველოში — პრემიერი სააკაშვილზე

13 მაისი, 2022 • 1009
კეთილი ინებოს, ბოლომდე მოიხადოს სასჯელი საქართველოში — პრემიერი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე საუბარი არაადეკვატურია.

ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ცალ-ცალკე არ უნდა განვიხილოთ.

„მე ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველს მოკლებული განცხადებები. ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავის თავი, ნახეთ ყველამ, როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, მაგ ვაჟბატონ მელიას და იგივე პატიმარ სააკაშვილს.

ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია, კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე არის სრული სპეკულაციები, არაადეკვატური და არავითარი საფუძველი არ არსებობს“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვდნენ, რადგან  მათი თქმით, მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში „შეუძლებელია“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის საჭიროება მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, თუკი გამოჩნდება, რომ საქართველოში მისი მკურნალობისთვის საჭირო რესურსი არ არსებობს.

სააკაშვილი ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი