ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მოსკოვს სურს, სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს” – ლავროვი

13 მაისი, 2022 • 3302
“მოსკოვს სურს, სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს” – ლავროვი

“რუსული მხარე დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარების და აღორძინების ზონად გადაიქცეს”, – ციტირებს რუსული სახელმწიფო სააგენტო tass რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრებს, ჯეიჰუნ  ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს დუშანბეში [ტაჯიკეთი] დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში 12 მაისს შეხვდა.

სომხეთი და აზერბაიჯანი 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების საკითხზე მუშაობენ. რუსეთი ცდილობს, ქვეყნებს შორის მთავარი შუამავლის პოზიცია დაიკავოს. ამავე დროს, მხარეებს შორის შუამავლის როლს ევროსტრუქტურებიც ასრულებენ – სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, 7 აპრილს ბრიუსელში “სამშვიდობო შეთანხმების” შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

ოფიციალური ცნობით, ფაშინიანმა და ალიევმა ბრიუსელში ვალდებულება აიღეს, სწრაფად დაიწყონ ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად საჭირო ყოვლის  მომცველი შეთანხმებისკენ სვლა, თუმცა, რა საკითხები შევა შეთანხმებაში, ამის შესახებ მხარეები ჯერ ვერ  შეთანხმდნენ.

მანამდე ბაქო ავრცელდებდა ინფორმაციას, რომ შეთანხმებისთვის წარადგინა რამდენიმე პუნქტი.

აზერბაიჯანული მხარე ისწრაფვის იმისკენ, რომ პოტენციური მშვიდობა მისთვის მაქსიმალურად სარგებლიანი პირობებით გაფორმდეს. კერძოდ, ის ითხოვს სომხეთის გავლით სატრანსპორტო კორიდორების გახსნას და სომხეთს სთავაზობს ერთმანეთის ტერიტორიების აღიარებას, რაც ფაქტიურად გულისხმობს იმას, რომ სომხეთი უარს იტყვის ყარაბაღზე. სომხურ საზოგადოებაში და ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში ბაქოს წინადადებები აღიქვეს ყარაბაღის ჩაბარებად აზერბაიჯანისთვის, რაც ფაშინიანის ხელისუფლების მიმართ სომხურ საზოგადოებაში და ოპოზიციურ წრეებში კრიტიკას ზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი