ახალი ამბები

იაპონია რუსეთში აკრძალული საექსპორტო ტექნოლოგიების ჩამონათვალს აფართოებს

13 მაისი, 2022 • 956
იაპონია რუსეთში აკრძალული საექსპორტო ტექნოლოგიების ჩამონათვალს აფართოებს

იაპონია აფართოებს იმ პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ჩამონათვალს, რომელთა რუსეთში ექსპორტიც იკრძალება უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში.

ინფორმაციას რუსული TASS ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, აკრძალვა უკვე დაამტკიცა ქვეყნის მთავრობამ და ძალაში 20 მაისიდან შევა.

აკრძალული საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს დაემატა 14 ახალი ერთეული, მათ შორის, 3D პრინტერები, კვანტური გამოთვლითი მოწყობილობები, ელექტრონული და ატომური მიკროსკოპები და ნავთობის გადამუშავებისთვის საჭირო კატალიზატორები.

იაპონიიდან რუსეთში აკძალულია ისეთი ტიპის პროდუქციის ექსპორტიც, რომლის გამოყენებაც, მათ შორის, შესაძლებელია სამხედრო ინდუსტრიაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. მათ შორის სანქციები შეეხო რუსულ კომპანიებსა და მოქალაქეებს.

საპასუხოდ რუსეთმა დატოვა რუსეთ-იაპონიის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სსრკ-სა და იაპონიას შორის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი რუსეთსა და იაპონიას შორის, მათ შორის, კურილიის კუნძულების სტატუსის შესახებ მიმდინარეობდა.

იაპონიის თანახმად, კუნძულები იაპონიის ნაწილია და ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი