ახალი ამბები

მეცნიერებმა ჩვილთა უეცარი გარდაცვალების სინდრომის გამომწვევი მიზეზი დაადგინეს

12 მაისი, 2022 • 3297
მეცნიერებმა ჩვილთა უეცარი გარდაცვალების სინდრომის გამომწვევი მიზეზი დაადგინეს

სიდნეის „ვესთმიდის“ კლინიკის მკვლევრებმა დაადგინეს SIDS-ის (ჩვილთა უეცარი გარდაცვალების სინდრომი) გამომწვევი მიზეზი, რომელიც აშშ-ში დაუდგენელი მიზეზით 1 წლამდე ბავშვების გარდაცვალების შემთხვევების 37%-ს მოიცავს.

კვლევაზე მომუშავე ექსპერტებმა დაადასტურეს თეორია, რომლის მიხედვითაც, SIDS-ით გარდაცვლილ ჩვილებს ტვინის იმ უბნის დაზიანება ჰქონდათ, რომელიც გამოღვიძებასა და სუნთქვაზეა პასუხისმგებელი. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ თუ ჩვილები ძილში სუნთქვას შეწყვეტდნენ, აღნიშნული დაზიანება მათ გაღვიძების საშუალებას არ მისცემდა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ჩვილთა უეცარი გარდაცვალების სინდრომით დაღუპული ახალშობილების სისხლის ნიმუშები და შეადარეს სხვა მიზეზით გარდაცვლილი ბავშვების ნიმუშებს. ამის შემდეგ ნიმუშები შეადარეს ჯანმრთელი ბავშვების სისხლს და აღმოაჩინეს, რომ იმ ბავშვების ორგანიზმში, რომლებიც SIDS-ით დაიღუპნენ, BChE ფერმენტი საგრძნობლად დაბალი იყო, ვიდრე სხვა მიზეზით დაღუპულ ან ჯანმრთელ ბავშვებში. მეცნიერები აცხადებენ, რომ სწორედ აღნიშნულ ფერმენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი გამოღვიძების პროცესში, რაც ხსნის, თუ რატომ იხოცებიან ჩვილები ძილის დროს.

დოქტორი კარმელ ჰარინგტონი, რომელიც აღნიშნულ კვლევას უძღვებოდა, თავადაც ერთ-ერთია იმ მშობლებს შორის, ვისაც ბავშვები ამ სინდრომით დაეღუპათ. ჰარინგტონის თქმით, ადრე მშობლებს აფრთხილებდნენ, რომ SIDS-ის პრევენციისთვის ბავშვები ზურგზე დაეწვინათ, არ მიეცათ საშუალება, რომ მათი ორგანიზმი გადახურებულიყო, ბავშვის საწოლიდან ამოეღოთ საბნები, სათამაშოები და ა.შ. მაგრამ როდესაც ჩვილები მაინც იღუპებოდნენ, მშობლები მიზეზს ვერ იგებდნენ და თავს იდანაშაულებდნენ, რომ ამის აღკვეთა ვერ შეძლეს.

დოქტორი ჰარინგტონის თქმით, მისი ახალშობილი ვაჟი 29 წლის წინ დაიღუპა, როცა მეცნიერებმა SIDS-ის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ:

„ვერაფერს მეუბნებოდნენ. ამბობდნენ, რომ ეს ტრაგედიაა, მაგრამ ეს იმგვარი ტრაგედია იყო, რომელიც ჩემი, როგორც მეცნიერისთვის, გაუგებარი იყო. ახლა ოჯახებს შეუძლიათ გააგრძელონ ცხოვრება იმის ცოდნით, რომ ეს მათი ბრალი არ ყოფილა“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი.

კვლევის ავტორების განცხადებით, აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალშობილების იდენტიფიცირებას, რომლებიც SIDS-ის რისკის ქვეშ არიან და ასევე გზას გაუხსნის სხვა კვლევებს სპეციფიკური ჩარევებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი