მას შემდეგ, რაც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა, ქვეყანა თხევად გაზს აშშ-დან მიიღებს და ამაში რუსულ გაზზე ნაკლებს გადაიხდის.

ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან თხევად გაზს ივნისიდან მიიღებს. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ბულგარეთსა და პოლონეთს „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ამ ქვეყნებმა უარი განაცხადეს საფასურის რუბლში გადახდაზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად ბულგარეთი 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, რომლის 90%-საც რუსეთიდან იღებდა.

ბულგარეთი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან. ქვეყანას ასევე იმედი აქვს, რომ შეთანხმებას მიაღწევს საბერძნეთსა და თურქეთში განთავსებული ტერმინალებთან და LNG-ს მარაგებს გაზრდის.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ არსებული ინფორმაციით, ბულგარეთი ევროკავშირთან აცხადებს, რომ რუსეთისთვის დასაწესებელ ახალ სანქციებს არ დაუჭერს მხარს, თუ მასში არ იქნება დათქმა, რომ ქვეყანას გამონაკლისის სახით შეეძლება რუსული ნავთობის შესყიდვა. „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ ბულგარეთი ორწლიან ვადას ითხოვს, რომლის გასვლის შემდეგაც თავადაც შეწყვეტს რუსეთიდან ნავთობის იმპორტს.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.