ახალი ამბები

სამინისტრო სააკაშვილს მოუწოდებს, “დათქმების გარეშე” გადავიდეს “ვივამედში”

11 მაისი, 2022 • 761
სამინისტრო სააკაშვილს მოუწოდებს, “დათქმების გარეშე” გადავიდეს “ვივამედში”

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “დანიშნულ მკურნალობას საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს” და მოუწოდებს მას, “დათქმების გარეშე” ისარგებლოს სამინისტროს მიერ შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით. ამის შესახებ უწყებამ განცხადება დღეს, 11 მაისს გავრცელა.

სამინისტროს განცხადებით, სააკაშვილთან მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.

“მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს. მისი ქცევიდან მომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკების მინიმიზაციის მიზნით, მას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესთავაზა მრავალპროფილურ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა რელევანტური სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც გამომდინარეობს იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ეკიდება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას ესაჭიროება პირის ინფორმირებული თანხმობა, რომლის ნაცვლადაც საზოგადოებამ იხილა ულტიმატუმის ტოლფასი პირობადებული თანხმობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ენდობა საქართველოში ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და მედპერსონალს.

“ექიმების მიმართ უსაფუძვლო უნდობლობის გამოხატვა და შეუთანხმებლად მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა აჭიანურებს და ხელს უშლის ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე”, – წერს სამინისტრო.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ზრუნავენ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და 24 საათის განმავლობაში “ატარებენ მრავალ ღონისძიებას პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”. სამინისტროს განცხადებით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებენ “ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის” საფუძველზე.


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინ, 10 მაისს განაცხადა, რომ შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში გაეწევა მკურნალობა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ თანახმაა „ვივამედში“ გამოკვლევებზე გადაყვანაზე, თუმცა, გარკვეული პირობებით:

  • მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს, ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემპათიიდან”, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი;
  • სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს;
  • ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი “ემპათიის” ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი