ახალი ამბები

ბელარუსი უკრაინის საზღვართან სპეციალური დანიშნულების ძალებს განათავსებს

10 მაისი, 2022 • 1203
ბელარუსი უკრაინის საზღვართან სპეციალური დანიშნულების ძალებს განათავსებს

ბელარუსი უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმებს განათავსებს. ამის შესახებ ქვეყნის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვიქტორ გულევიჩმა განაცხადა.

როგორც CNN წერს, გულევიჩმა აღნიშნა, რომ ეს გამოწვეულია „ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ სახელმწიფო საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზების ზრდით“.

ბელარუსის გენშტაბის ხელმძღვანელის თქმით, იმისათვის, რომ უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა სამხრეთის მიმართულებით, შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების რაზმები სამი ტაქტიკური მიმართულებით განლაგდებიან.

ბელარუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინას მათ საზღვართან 20 000 სამხედრო ჰყავს განთავსებული, რაც მათგან „პასუხს საჭიროებს“.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი