ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებისას სატელიტურ კომპანიაზე კიბერშეტევაში ადანაშაულებენ. როგორც CNN წერს, 24 თებერვალს, მაშინ, როცა რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იჭრებოდნენ, მწყობრიდან გამოვიდა ათი ათასობით სატელიტური მოდემი უკრაინასა და ევროპის სხვა ნაწილებში.
გამოცემა წერს, რომ ამერიკული სატელიტური კომუნიკაციების კომპანია Viasat-ზე კიბერშეტევა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ერთი საათით ადრე განხორციელდა. შედეგად, გაითიშა ათასობით ქარის ტურბინა გერმანიაში, რომელიც სატელიტურ ქსელს ელექტროენერგიით ამარაგებდა.
გამოცემა წერს, რომ Viasat ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც კომერციულ და სამხედრო კლიენტებს მაღალი სისწრაფით აწვდის სატელიტურ გამოსახულებებს. კიბერშეტევის შედეგად კი ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდა როგორც უკრაინას, ასევე 20-მდე ევროპულ ქვეყანას.
24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.