ახალი ამბები

აშშ-ის დაზვერვა: პუტინი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება

10 მაისი, 2022 •
აშშ-ის დაზვერვა: პუტინი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის, ავრილ ჰაინსის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება და იმ შემთხვევაში, თუ დონბასის რეგიონში წარმატებას მიაღწევს, ეს ომის დასასრული არ იქნება.

სენატში გამოსვლისას ჰაინსმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი უფრო რადიკალურ საშუალებებს მიმართავს და შეეცდება სახმელეთო დერეფნის მოპოვებას დნესტრისპირეთამდე.

ამასთან, აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინმა შესაძლოა რუსეთში საომარი მდგომარეობაც გამოაცხადოს. ავრილ ჰაინსის თქმით, პუტინს იმედი აქვს, რომ აშშ და უკრაინის ევროპელი პარტნიორები დროთა განმავლობაში დასუსტდებიან.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს, აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პუტინი რუსეთისთვის „ ეგზისტენციალურ საფრთხეს“ დაინახავს.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი