რუსეთში, სტავროპოლის მხარის ქალაქ კისლოვოდსკში, ბავშვებს შესთავაზეს, “დაეხვრიტათ” ფიტული, სახელწოდებით “უკანასკნელი ფაშისტი” — აღნიშნულის შესახებ ვიგებთ ქალაქის მერის პოსტიდან, რომელიც ამ უკანასკნელმა კრიტიკის შემდეგ წაშალა.
კისლოვოდსკის მერის, ევგენი მოისეევის მიერ 9 მაისს გამოქვეყნებული ტელეგრამ პოსტის მიხედვით, “ფაშისტისა და ოკუპანტის” ფიტული, რომელსაც სვასტიკა აქვს მიმაგრებული, ჭიშკარზე ჩამოჰკიდეს. ინფორმაციას თან ახლავს პატარა გოგოს ფოტო, რომელსაც სამხედრო უნიფორმა აცვია და იარაღი უჭირავს ხელში.
“ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ ბავშვობიდან უნდა იცოდეს მსოფლიო ბოროტების შესახებ, რომლის სახელია ფაშიზმი, ნაციზმი, რომელიც დღეს ისევ ცდილობს აღზევებას.
ამას არასოდეს დავუშვებთ. ჩვენ შვილებს ვზრდით როგორც პატრიოტებსა და სამშობლოს დამცველებს”, — აღნიშნა მოისეევმა.
სტატია, რომელიც ამ ამბავს ეხება, “მედუზამ” 10 მაისს, შუადღისას მოამზადა. იმ დროისთვის ჩუჩელასთან დაკავშირებული პოსტი კისლოვოდსკის მერის ტელეგრამ არხზე უკვე აღარ იძებნებოდა, თუმცა, გამოცემის თანახმად, მოისეევის ეს პოსტი ქალაქის საინფორმაციო პორტალის არხზე იყო გაზიარებული.
ამასთან, ხსენებული აქტივობა ადგილობრივმა მედიასაშუალებებმაც გააშუქეს.
A scandal in Russia’s Stavropol region, where a local mayor promoted one boy being taught to fire an air rifle at a “Nazi dummy.” When residents objected to a child being trained to shoot at human figures and asked the governor to intervene, the mayor deleted his Telegram post. pic.twitter.com/Yshh6kDRVy
— Kevin Rothrock (@KevinRothrock) May 10, 2022
რუსული გაზეთის “არგუმენტი ი ფაქტი” თანახმად, სტავროპოლის მცხოვრებლებმა ზემოხსენებული აქტივობა მხარის გუბერნატორის, ვლადიმირ ვლადიმიროვის ტელეგრამ არხზე, კომენტარების ველში გააკრიტიკეს და გუბერნატორს მომხდარის შეფასება მოსთხოვეს.
კომენტარებში ასევე გახმიანდა მოსაზრება, რომ მოისეევის პოსტში ჩასმულ სულ მცირე ერთ ფოტოს რუსეთის კანონმდებლობის კონკრეტული მუხლი ესადაგება. გაზეთის თანახმად, საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლზე, რომელიც ნაცისტური სიმბოლიკის(ამ შემთხვევაში, სვასტიკა) პროპაგანდას კრძალავს.
“კომენტატორების უმეტესობა აღშფოთებული იყო, რომ ბავშვებს ხალხისთვის სროლას ასწავლიან და ბიჭები სასტიკები გაიზრდებიან”, — წერს “არგუმენტი ი ფაქტი”.
მოგვიანებით, კისლოვოდსკის მერმა უარყო აქტივობაში მონაწილეობა და დასძინა, რომ ფიტულის “დახვრეტის” ამბავი მის სოციალურ ქსელში შეცდომით განთავსდა.
მოისეევის თქმით, აქცია ადგილობრივმა მოსახლეობამ მოაწყო და ახლა ადმინისტრაცია ვითარებას სწავლობს. როგორც აღნიშნავს, ღონისძიებას მხარს არ უჭერს.