ახალი ამბები

ენმ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად სააკაშვილს თავდებში უდგება

10 მაისი, 2022 • 782
ენმ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად სააკაშვილს თავდებში უდგება

“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით და სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების წევრებსაც სთავაზობს, იგივე გააკეთოს.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მორალური საკითხია იმის გააზრება, რომ ეს არა მხოლოდ ენმ-ის, არამედ ყველას პრობლემაა და საკითხი სამართლებრივ-პოლიტიკური ჭრილს გასცდა.

“ჩემი ინიციატივაა, რომ ეს განაცხადი იყოს ღია და საჯარო და ვისაც უნდა შემოუერთდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კი არ გაურბის, არამედ მისთვის, ჩვენთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას მიეცეს რეაბილიტაციის საშუალება. მას შემდეგ, რაც გავა დრო, ყველანაირად გამოჯანმრთელდება და რეაბილიტაცია გავლილი ექნება, იგი მზად არის, გასცეს პასუხები მდგომარეობის შეცვლის შემდეგ”, – განაცხადა დეკანოიძემ.

თავდებთან დაკავშირებით ენმ-ის ინიციატივას უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ სააკაშვილის პიროვნული თვისებების გამო მასზე პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს.

„მე არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება, როგორც ჩანს, მასზე ჰქონდათ ვიღაცებს პასუხისმგებლობა აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში. ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას მასზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის პიროვნული თვისებების გამო”, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი