ახალი ამბები

ლიეტუვის სეიმმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

10 მაისი, 2022 • 2581
ლიეტუვის სეიმმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ლიეტუვის სეიმმა(პარლამენტმა) რუსეთი გამოაცხადა სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს, უკრაინაში მოსკოვის ქმედებები კი გენოციდად შეაფასა. შესაბამისი რეზოლუცია ლიეტუველმა კანონმდებლებმა 10 მაისს ანონიმური კენჭისყრით, ერთხმად მიიღეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ძალებმა და დაქირავებულმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი, ქალაქ ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში, ბოროდიანკასა და ჰოსტომელში მასობრივი სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს.

რეზოლუციის თანახმად, განზრახვა, ბოლომდე ან ნაწილობრივ განადგურდეს უკრაინელი ერი, ვლინდება მთელი ოჯახების, მათ შორის, ბავშვების მკვლელობებში, გატაცებებში, წამებაში, გაუპატიურებაში(მათ შორის, არასრულწლოვნების), მოკლული და ნაწამები ადამიანების სხეულების შეურაცხყოფაში.

“ლიეტუვის სეიმი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს “, — ციტირებს რეზოლუციის ტექსტს “ეხო კავკაზა”.

ტექსტში ნათქვამია, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, საერთაშორისო საზოგადოებამ კი შექმნას სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს და შეაფასებს რუსეთის დანაშაულებს.

ლიეტუვური LRT-ს თანახმად, პარლამენტი ახმიანებს მოწოდებას, ხსენებულ ტრიბუნალს ჰქონდეს უფლებამოსილება, გამოსცეს დაკავების საერთაშორისო ორდერები.

“რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად და სისტემატურად ირჩევენ სამოქალაქო ობიექტებს დაბომბვისთვის, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს”, — აღნიშნულია რეზოლუციაში.

უკრაინაში რუსეთის ძალების მოქმედებებს თავიანთ რეზოლუციებსა თუ განცხადებებში გენოციდი უწოდეს კანადამ, ლატვიამ და ესტონეთმაც. აღნიშნული შეფასება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გაახმიანა.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.

ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი