ახალი ამბები

პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტებს – „სიმამაცისა და გამძლეობისთვის“

10 მაისი, 2022 • 1296
პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტებს – „სიმამაცისა და გამძლეობისთვის“

9 მაისს, ნიუ იორკში დაასახელეს პულიცერის პრემიის გამარჯვებულები.

პრემიის კონკურსის ჟიურიმ სპეციალური ჯილდო მიანიჭა უკრაინელ ჟურნალისტებს გამბედაობისა და გამძლეობისთვის მათ სამშობლოში მიმდინარე ომის გაშუქებისას.

„უკრაინელ ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ უკრაინაზე ვლადიმერ პუტინის დაუნდობელი თავდასხმისა და რუსეთში გამოცხადებული პროპაგანდისტული ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის, გამძლეობისა და სამართლიანი გაშუქებისადმი თავდადებისათვის.

მიუხედავად დაბომბვების, გატაცებების, ოკუპაციისა და მათ შორის არაერთი კოლეგის სიკვდილისა, უკრაინელი ჟურნალისტები შეუპოვარ ძალისხმევას სწევენ საშინელი რეალობის ზუსტი სურათის მოსაწოდებლად, რითაც ასახელებენ უკრაინასა და ჟურნალისტებს მთელ მსოფლიოში“ – ვკითხულობთ პულიცერის პრემიის ვებგვერდზე.

პულიცერის პრემია აშშ-ში 1917 წლიდან გაიცემა. ეს ყველაზე პრესტიჟული ამერიკული პრემიაა ჟურნალისტიკაში.

მედია ყველა ქვეყანაში ერთიანდება იმისთვის, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა გადაარჩინოს. უკრაინელი ჟურნალისტების მხარდამჭერი კამპანიის მონაწილეა „ბათუმელები & ნეტგაზეთიც“. კამპანიაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


ფოტოზე: Associated Press-ის უკრაინელი ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა მიუთითებს კვამლზე სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ. მარიუპოლი, უკრაინა, 2022 წლის 9 მარტი. AP Photo/Mstyslav Chernov

მასალების გადაბეჭდვის წესი