ახალი ამბები

რუსეთმა დაბომბა ოდესის პორტი, რომელიც უკრაინიდან ხორბლის მთავარი ექსპორტიორი იყო

10 მაისი, 2022 •
რუსეთმა დაბომბა ოდესის პორტი, რომელიც უკრაინიდან ხორბლის მთავარი ექსპორტიორი იყო

რუსულმა ძალებმა გუშინ ღამით ოდესის პორტი დაბომბეს. რუსული ჭურვები მოხდა ქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრსაც, რა დროსაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.

ოდესის პორტზე მიტანილი იერიში, გარდა ადამიანური მსხვერპლისა, საკვების გლობალური კრიზისის საფრთხეს ქმნის. როგორც BBC წერს, ომამდე უკრაინა ყოველთვიურად 4.5 მილიონ ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს უშვებდა ექსპორტზე საკუთარი პორტებით, რომელთა 12%-ს ხორბალი, 15%-ს სიმინდი, 50%-ს კი მზესუმზირის ზეთი წარმოადგენდა.

მარცვლეულის ექსპორტისთვის უმნიშვნელოვანესი კი ოდესის პორტი იყო, რომლის ინფრასტრუქტურაც რუსეთის აგრესიის პირობებში ნადგურდება.

BBC წერს, რომ უკრაინა და ევროკავშირი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუ როგორ მოხდება უკრაინული პორტების დებლოკირება მარცვლეულის ექსპორტის გასაგრძელებლად.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი ევროპული კომისიის პრეზიდენტს, შარლ მიშელს ესაუბრა, რომელიც გუშინ, 9 მაისს, ოდესაში იმყოფებოდა. მისის თქმით, ოდესის პორტში თავად ნახა მარცვლეულითა და ხორბლით დატვირთული კონტეინერები, რომლებიც ექსპორტისთვის იყო მზად:

„ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და შავი ზღვის პორტების ბლოკირების გამო გაჩერებულია, რაც დრამატულ შედეგებს იქონიებს ყველაზე მოწყვლად ქვეყნებზე. მსოფლიოს ამაზე პასუხი სჭირდება“, – აცხადებს შარლ მიშელი.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი