“აღლუმი ყოველთვის სადღესასწაულოა. როგორ შეიძლება ამის გაკეთება, როცა გარშემო ყველაფერი ცეცხლშია და იწვის?” — ეუბნება BBC-ის 92 წლის არკადი დემჩენკო, რომელმაც თავისი სამშობლო — უკრაინა — რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ დატოვა.
არკადი უკრაინელი ებრაელია, რომელიც ომის საშინელებას ერთხელ უკვე გაექცა. როგორც ჰყვება, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ნაცისტები ებრაელებს დასახოცად დასდევდნენ, 1 თვის გატარება სარდაფში მოუწია.
“გერმანელები ორჯერ მოვიდნენ. თუმცა ვერ მიპოვეს”, — აღნიშნავს ის.
BBC-ის თანახმად, ოჯახისაგან მოწყვეტილი ებრაელი ბიჭი 11 წლის ასაკში ადგილობრივ წინააღმდეგობას შეუერთდა და საბჭოთა ჯარისკაცებთან ერთად ებრძოდა ნაცისტური გერმანიის ძალებს.
“ისეთივე ავტომატი მქონდა, როგორიც ყველა სხვას. მხრებზე მეკიდა ჩანთა ნაღმებითა და ყუმბარებით, ყოველი შემთხვევისთვის. ზრდასრულებთან ერთად ვმონაწილეობდი ამ ოპერაციებში”, — დასძენს 92 წლის არკადი.
ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ რუსებისაგან გაქცევა მოუწევდა და უკან მოიტოვებდა თავის 80-წლიან ცხოვრებას, თუმცა 2022 წელს, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების მიერ უკრაინაზე შეტევის შემდეგ, სწორედ ასე მოხდა.
მოხუცი ომის დაწყების მომენტს აღწერს “ძალიან საშიშ” ღამედ, სირენების ხმებითა და ჭურვებით ჰაერში:
“გავიგონე, რომ ჭურვები დაფრინავდნენ და მაშინვე გავაცნობიერე, ეს ომი იყო; მიუხედავად იმისა, რომ მათ თქვეს, რომ ეს არ მოხდებოდა…”
როგორც ჰყვება, იმის დროც არც ჰქონდა, რომ სახლიდან რაიმე წაეღო. დილის ექვსი საათი იყო, როცა თავისი ბინა დაკეტა, შუქი ჩააქრო და წამოვიდა.
არკადი დემჩენკო ახლა ისრაელში, ქალიშვილის სახლში, უსაფრთხოდ ცხოვრობს. ის ბრაზობს რუსეთზე, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინელების სახით ისევ ნაცისტებს ებრძვის:
“უკრაინა წყნარი, მშვიდობიანი ქვეყანაა. არანაირი ფაშისტები იქ არ არიან. პირიქით”.
კითხვას, თუ რას ეტყოდა რუსებს, არკადი დემჩენკო ასე პასუხობს:
“უსიტყვოდ”.
24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.
ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.