ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არ ვცნობთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს”- შერიგების სამინისტრო

9 მაისი, 2022 • 1930
“არ ვცნობთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს”- შერიგების სამინისტრო

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს განცხადებით ეხმაურება შერიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და აცხადებს, რომ 8 მაისს გამართული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური” ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

“საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ამგვარი ქმედებების და მათი შედეგების ლეგიტიმურობას; მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 მაისს გაიმართა, წინასწარი შედეგებით ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერმა ალან გაგლოვმა 53,67% -ხმით [14 505 ამომრჩეველი] გაიმარჯვა.

აქვე უწყება საუბრობს დევნილებისა და ამ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების შესახებ:

“უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ასობით ათასი გამოდევნილი პირი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ხოლო ადგილზე გრძელდება დარჩენილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით”.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე პასუხსიმგებლობას რუსეთს აკისრებს.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ცალსახად დაადასტურა, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ადგილზე მიმდინარე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და სხვა უკანონო ქმედებებზე”.

რაც შეეხება ქართული მხარის პოზიციას აღნიშნული რეგიონების მიმართულებით, შერიგების მინისტრის აპარატი საუბრობს თანამიმდევრულ პოლიტიკაზე:

“ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორგანზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც კონკრეტულ ახლებურ ხედვებს, დეპოლიტიზებულ და ჰუმანიტარულ მიდგომებს, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს დაეყრდნობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი