რუსეთის ტელეეკრანებზე, სატელევიზიო პროგრამების ნაწილში, გადაცემების სახელწოდებების ნაცვლად, გამოჩნდა წარწერები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მოქმედებების შესახებ კრიტიკულ ინფორმაციას შეიცავს. აღნიშნულის შესახებ რუსული ტელეგრამ არხები იუწყებიან.
“ათასობით უკრაინელისა და მათი ასობით შვილის სისხლი თქვენს კისერზეა. ტელევიზია და ხელისუფალნი იტყუებიან. არა ომს”, — მსგავსი წარწერა რამდენიმე საკაბელო ოპერატორის სატელევიზიო პროგრამებში შენიშნეს. მათ შორის არიან “МТС ТВ”, “НТВ-плюс”, “Ростелеком” და “Winx”.
ფოტოები: Telegram/Кровавая барыня
მედიის თანახმად, ანალოგიური ტექსტები Yandex TV-ზე, “პირველი არხისა” და “რასია 1”-ის სატელევიზიო პროგრამებშიც შენიშნეს, რის შემდეგაც Yandex-მა ორივე ტელეარხის ანონსები ამოიღო პროგრამიდან.
რუსული “Interfax”-ის თანახმად, რუსეთის”მაუწყებელთა ეროვნული ასოციაცია” ჰაკერულ თავდასხმაზე საუბრობს. ორგანიზაციის თანახმად, გატეხილია ზოგიერთი ტელეოპერატორის სატელევიზიო პროგრამა.
24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.
ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.